ახალი ამბები

კაციტაძე განმარტავს ცესკო–ს საიტზე ამომრჩეველთა სიების გათიშვის მიზეზს

22 თებერვალი, 2012 •
კაციტაძე განმარტავს ცესკო–ს საიტზე ამომრჩეველთა სიების გათიშვის მიზეზს


ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე, “ახალი მემარჯვენეების” ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ამ დროისთვის ცესკო–ს საიტზე ამომრჩეველთა ელექტრონული სიების გათიშვას სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ შეუსაბამო სიებს უკავშირებს.  

“საქმე ის გახლავთ, რომ სახელმწიფო უწყებებიდან მოსული ინფორმაცია იყო ერთმანეთთან შეუსაბამობაში და ჩვენ ამაზე გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება. სამოქალაქო რეესტრის ინფორმაცია არ ემთხვეოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციას, ასევე, დევნილთა სამინისტროს ინფორმაცია არ ემთხვეოდა სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციას და, ბუნებრივია, ასეთი ტიპის უზუსტობების მქონე სიას ვერ შეაჯერებ და ვერ დადებ საიტზე, სანამ კონკრეტული უწყებებიდან არ მივიღებთ უფრო ზუსტ და უფრო ობიექტურ სიებს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” კაციტაძემ.

მისივე განცხადებით, სიებთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქმე უკვე აღარ არის ცესკო–ს გასაკეთებელი. ეს უკანასკნელი ცესკოშიც დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა ახლა სიების დაზუსტების კომისიას გადაეცა.

კაციტაძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული უზუსტობების აღმოფხვრა მიმდინარეობს სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის თვალსაზრისით.

“ჩვენ ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებს გადავეცით. ეს ჩასწორებებიც განახორციელეს. ახლა გვაქვს დარჩენილი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის უზუსტობა ქმედუუნაროებთან (ანუ ვინც სასამართლომ სცნო ქმედუუნაროდ, არჩევნების უფლების არმქონედ და რომელიც სიაში არ უნდა იყოს) დაკავშირებით, რომლისგანაც ველოდებით ამ დღეებში უფრო ზუსტ ინფორმაციას,” – განმარტავს კაციტაძე.

რაც შეეხება საიტზე ამომრჩეველთა სიების განთავსებას, კაციტაძე აღნიშნავს, რომ მომავალი კვირისათვის უკვე ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია საჯაროს გახდის ამომრჩეველთა ერთიან სიას პირველი თებერვლის მონაცემების საფუძველზე და ეს ინფორმაცია დაიდება არა მხოლოდ ცესკოს საიტზე, არამედ კომისიის საიტზეც და დასძენს, რომ “ასევე გაკეთდება პირველი მაისის, 15 ივლისის შემდეგ, ხოლო პირველი აგვისტოსთვის უკვე დაიდება საბოლოო სია”.

კაციტაძის ინფორმაციით, სიების დაზუსტების კომისიის საიტი უახლოებს დღეებში უნდა ამოქმედდეს.

კითხვაზე, ხომ არ იმოქმედებს ეს შეფერხება სიების გამჭვირვალობაზე, კაციტაძე აღნიშნავს, რომ არაზუსტი სიების საიტზე განთავსებას, სჯობს ცოტა გვიან დაიდოს მხოლოდ ობიექტური სია.

მასალების გადაბეჭდვის წესი