ახალი ამბები

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბათუმს 14 ივლისს ეწვევა

13 ივლისი, 2016 • 1756
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბათუმს 14 ივლისს ეწვევა

14 ივლისს, ხვალ. ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი საქართველოში ჩამოვა და ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ 13 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, კონფერენციაზე – “საქართველოს ევროპული გზა” – 100-ზე მეტი სტუმარი ჩამოვა უცხოეთიდან – პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ბათუმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წელს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დისკუსიის ძირითადი თემები იქნება: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, მისი მომავალი, გამოცდილება და მთავარი გამოწვევები; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხების ჩათვლით.  

იოჰანეს ჰანი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი ჯანელიძესთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან.

“ვისარგებლებთ შემთხვევით, რომ ევროკომისარი იქნება აჭარის რეგიონში და აუცილებლად მოვინახულებთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე საინტერესო ობიექტს”, – განაცხადა 13 ივლისს დავით ბაქრაძემ. სამინისტროს ცნობით, ევროკომისარი ჰანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, ნილს სკოტთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალს ეწვევა. სტუმრები მოინახულებენ აგროსერვისცენტრის ტერიტორიაზე მდებარე ENPARD-ის სადემონსტრაციო სათბურს, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას, ნახავენ აგროსერვის ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლების მუშაობისა და ტრენინგის პროცესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი