ახალი ამბები

ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ტურნირს სახელი შეუცვალეს

13 ივლისი, 2016 • 2439
ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ტურნირს სახელი შეუცვალეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაცია აპროტესტებს ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის სახელის ცვლილებას. აქამდე ფესტივალი ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებდა, თუმცა წელს ეს შეიცვალა და მას ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დაერქვა:

“აღნიშნული ფესტივალი იყო საკმაოდ წარმატებული, რადგან ის ატარებდა ქალბატონი ნანას სახელს, შესაბამისად, მისი კავშირების შედეგად ფესტივალს სტუმრობდნენ მსოფლიოს სახელოვანი მოჭადრაკეები, რაც ფოთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია ის, რომ ფესტივალისთვის სახელის გადარქმევა არის პოლიტიკური მოტივებით განპირობებული, რადგან ქალბატონი ნანა არის ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დედა”, – აცხადებს ფოთში ენმ-ის ლიდერი ვახტანგ დარცმელიძე.

ამ საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში კომენტარი გააკეთა ფოთის საჭადრაკო სკოლის [რომელიც ნანა ალექსანდრიას სახელობისაა] დირექტორმა დავით კოდუამ.

“ეს ფესტივალი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ რადგან ქალაქი არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, გადავწყვიტეთ, რომ ქალაქის როლი წარმოგვეჩინა და მას ფოთის საერთაშორისო ფესტივალი ჰქვია, თუმცა ჩვენს საჭადრაკო სკოლას ეწოდება ნანა ალექსანდრიას სახელი. გარდა ამისა, ამ კონკრეტული ფესტივალის ორგანიზებაში ქალბატონი ნანა იღებს მონაწილეობას და წლევანდელი ფესტივალიც მისი მხარდაჭერით ტარდება”, – თქვა კოდუამ.

დარცმელიძის თქმით კი, მოტივი, რომლის გამოც ფესტივალს სახელს უცვლიან, ბუნდოვანია:

“გასული 10 წლის მანძილზეც ქალბატონი ნანას მიერ მოძიებულ სპონსორებთან ერთად ფოთის მუნიციპალიტეტიც აფინანსებდა აღნიშნულ ფესტივალს, მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა მცდელობა ფესტივალისთვის სახელის გადარქმევის, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი”.

ფოთში საჭადრაკო ფესტივალი წელს მეთერთმეტედ ტარდება.

მიუხედავად სახელის ცვლილებისა, ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი კვლავ ამ მისამართზეა: http://aleksandria-cup.chesspoti.ge/

მასალების გადაბეჭდვის წესი