ახალი ამბები

უსუფაშვილი დუმბაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17 თებერვალი, 2012 •
უსუფაშვილი დუმბაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილი თანაპარტიელის, მურმან დუმბაძის განცხადებებს ეხმაურება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა თანამშრომლობა შეთავაზა.

“მიუხედავად დიალოგისთვის ჩემი საჯაროდ გამოხატული მზაობისა, მურმან დუმბაძე აგრძელებდა, ერთი მხრივ, “რესპუბლიკურ პარტიაზე” თავდასხმებს და, მეორე მხრივ, ცდილობდა ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელი გზების ძიებას. ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა მას მკაფიოდ განუმარტეს, რომ ამ გზით ის სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა და საჭირო იყო უშუალოდ ჩემთან შეხვედრა. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა თავად ბიძინა ივანიშვილმაც”, – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში, რომელსაც “რესპუბლიკური პარტიის” პრეს-სამსახური ავრცელებს.

უსუფაშვილის თქმით, ის მურმან დუმბაძესთან დაახლოებით თვენახევრის წინ შეხვდა:

“მე ვუთხარი, რომ მართალია, “რესპუბლიკურ პარტიასთან” მისი ძველი ურთიერთობის აღდგენა იყო ორმხრივად შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო გავმხდარიყავით პარტნიორები საერთო დიდ საქმეში. ამისათვის საჭირო იყო, რომ არც ერთს მიზნად არ დაგვესახა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამოყენებით ერთმანეთისთვის რაიმეს დამტკიცება ან რევანში და გამოგვეძებნა აჭარის მასშტაბით ჩვენი კოალიციური პოლიტიკური საქმიანობის ფორმატი. ჩვენ ამ შესაძლო ფორმატის არანაირ კონკრეტულ დეტალებზე არ გვისაუბრია და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით კონსულტაციებს.”

თუმცა, უსუფაშვილის თქმით, კონსულტაციების გაგრძელების ნაცვლად მურმან დუმბაძემ “ახალი შემართებით  გააგრძელა “რესპუბლიკური პარტიის” საწინააღმდეგო კამპანია (ამჯერად ეს “პატივი” კობა დავითაშვილსაც ერგო). მეტიც, ბოლო ხანებში საკითხი ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს მე მას შეხვედრის დროს გაუბედავად, მოკრძალებით და ირიბად ვთხოვე პარტიაში დაბრუნება. როგორც ჩანს, შეთანხმებისათვის ჩემი მზაობა მან მხოლოდ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირებად აღიქვა, ხოლო თანამშრომლობისთვის გაწვდილი ხელი – მისთვის მიუღებელ მარწუხად.”

ამის მიუხედავად, უსუფაშვილი კვლავაც გამოთქვანს დუმბაძესთან თანამშრომლობისთვის მზაობას იმ შემთხვევაში, თუ დუმბაძე “მოუხმობს კეთილგონიერებას”.

“ამასთანავე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო ჩემი და ჩემი კოლეგა რესპუბლიკელების თმენის ვალდებულება არ არის უსაზღვრო. ხშირად სწორედ რომ რაღაცის მოთმენა და რაღაცასთან შეგუება ნიშნავს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება არა პიროვნულ სიმპათიებს თუ ემოციებს, არამედ ქვეყნისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მყარი კოალიციური პოზიციის ჩამოყალიბებას, როგორიცაა ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენა, რელიგიური და სამოქალაქო მშვიდობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა თურქეთთან”, – აცხადებს უსუფაშვილი.

“რესპუბლიკური პარტიიდან” მურმან დუმბაძე, რომელიც პარტიის აჭარის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, გასული წლის მარტში გარიცხეს, რის მიზეზადაც დუმბაძის მიერ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზება დასახელდა.

რამდენიმე კვირის წინ კი ბიძინა ივანიშვილმა მურმან დუმბაძესთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი