ცხინვალში სამუშაო ვიზიტით ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ, ამ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. თანათავმჯდომერეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და პედრიგ მერფი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში ბორის ჩოჩიევმა მიიღო. შეხვედრას თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი და ომბუდსმენი დავით სანაკოევი ესწრებოდნენ. თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჟენევის დისკუსიის მომდევნო, მე–19 შეხვედრის დღის წესრიგის შესათანხმებლად ჩავიდნენ.
ბორის ჩოჩიევის აზრით, ჟენევის ფორმატმა კონკრეტულ შედეგზე უნდა იმუშაოს, რაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოებას, დევნილების პრობლემებს და სხვა სოციალურ საკითხებს ეხება. ჩოჩიევმა საქართველოს მიერ ინიცირებულ ნეიტრალურ პასპორტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ იმის ნაცვლად, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის პროექტზე იმუშაონ, ისინი რაღაცა ეშმაკურ, არასახელმწიფოებრივ მიდგომას იჩენენ, ეს ყველაფერი კი ჟენევის დისკუსიების ფორმატზე ნეგატიურად აისახება,“–აღნიშნა ჩოჩიევმა.
თავის მხრივ, ფილიპ ლეფორმა ჟენევის დისკუსიების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, “ჩვენ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის შუამავლები ვართ და ვისწრაფვით, სუფთა შუამავლები ვიყოთ, რათა გვენდობოდეთ. არსებობს იმედი, რომ ჩვენ შეგვიძლია, წინ დადებითად წავიდეთ როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ისე ჰუმანიტარული ხაზით. ვიმედოვნებთ, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დახმარებით წარმატებული და კონსტრუქციული იქნება”, – განაცხადა ლეფორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ომის დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიებაზე გაგრძელდეს მუშაობა.
შეხვედრის ბოლოს ეუთოს წარმომადგენელმა პედრიგ მერფიმ აღნიშნა, რომ პროდუქტიულია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი, ამ ფორმატში მხარეებმა დაკავებულები არაერთხელ გაცვალეს. მერფის იმედი აქვს, რომ ეს ტრადიცია კიდევ გაგრძელდება და 21 თებერვლის დვანის შეხვედრაც პოზიტიურად ჩაივლის.
ოსურმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე სამი დაკავებულის – ვალიევის, ზასეევის და კაბისოვის– გადაცემის საკითხი დააყენა, ამ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების გამო სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ბორის ჩოჩიევი მიიჩნევს, რომ ისინი უსამართლოდ არიან დაკავებული და ქართულ მხარეს მოუწოდებს, რომ თუ გადმოცემა არა, მათთვის სასჯელის შემსუბუქება მაინც მოხდეს. გარდა ამისა, ჩოჩიევი ითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ლექსიკონიდან მოხდეს ტერმინის, „ოკუპირებული ტერიტორიების“ ამოღება, ამ საკითხის დაყენებას ოსური მხარე მომავალ შეხვედრაზეც მოითხოვს. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები შეხვედრებს თბილისშიც გამართავენ.