ახალი ამბები

ეკა ბესელია: ჩავთვალოთ, რომ ვიქნები ივანიშვილის მომავალი პარტიის წევრი

15 თებერვალი, 2012 • • 1026
ეკა ბესელია: ჩავთვალოთ, რომ ვიქნები ივანიშვილის მომავალი პარტიის წევრი

ბიძინა ივანიშვილთან იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ადვოკატი ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ის ნამდვილად მიიჩნევს საკუთარ თავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში და აღნიშნავს, რომ აპირებს მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის სახელით.

“პარტიის რეგისტრაციამდე არის ჯერ კიდევ დრო. მე ისედაც ნამდვილად ვთვლი, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში, ვარ პირველივე დღიდან მისი თანამოაზრე, ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ მე ვაპირებ მივიღო მონაწილეობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის სახელით საპარლამენტო არჩევნებში. რა, როგორ და რა ფორმით, ეს საკითხი მოგვიანებით გაირკვევა. მე რითიც საჭირო იქნება რომ მივეხმარო ამ პოლიტიკურ პროცესს და რა ეტაპზეც იქნება ამის საჭიროება, იმ ეტაპიდან, ბუნებრივია, იმ მიმართულებით ვიქნები ჩართული. ჩავთვალოთ, რომ ვიქნები მომავალი პარტიის წევრი. დანარჩენი დეტალებია,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბესელიამ.

დღეს ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციას ეკა ბესელია არ დასწრებია. ის არ მოხვდა ამ ჯგუფის წევრებს შორის.

ბიძინა ივანიშვილმა მისი არყოფნა შემდეგნაირად განმარტა: “ბესელია ცდილობს, როსტომ მეფის სასახლე სააკაშვილის კლანჭებისგან დაიხსნას და იურიდიული საკითხებითაა დაკავებული”. მისივე თქმით, “პარტიის ჩამოყალიბება ჯერ არ დასრულებულა და თუ ბესელიას სურვილი დარჩება, შეუძლია, პარტიის წევრი გახდეს.”

რაც შეეხება პარტიის ცენტრალურ ოფისთან დაკავშირებულ საკითხს, ბესელიას განმარტებით, მერიის წინააღმდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე 8 სასარჩელო მოთხოვნაა შეტანილი.

“პარტიის ცენტრალურ ოფისთან დაკავშირებით არის რვა სარჩელი სასამართლოში შეტანილი. ეს ეხება როგორც შენობის ექსპლუატაციაში არმიღებას, ისე უკანონოდ შეჭრილი პირების გამოსახლებას, პოლიციის უმოქმედობას, უკანონო ღობის გაუქმებას, რომელიც მერიამ აღმართა.

მერიის წინააღმდეგ არის რვა სასარჩელო მოთხოვნა ჩვენგან შეტანილი. ეს პროცესები ახლა დაიწყება, თებერვლიდან, და სამართლებრივ პროცედურებს ჩვენ მივიტანთ ბოლომდე. თუმცა, იმავდროულად, ამ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის გზებზეც ვმუშაობთ. ეს პროცესი დროში გაიწელება, თუმცა ჩვენ იქამდე გვაქვს გეგმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ პარტიამ დაიწყოს ფუნქციონირება სწორედ ამ ცენტრალურ ოფისში,”  – აღნიშნა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი