ახალი ამბები

ივანიშვილი შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზს სახელმწიფოს გადასცემს

8 ივლისი, 2016 •
ივანიშვილი შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზს სახელმწიფოს გადასცემს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი Black sea arena სახელმწიფოს გადასცეს.

ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია 7 ივნისს 2030-მა გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს” პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი უძილაურმა ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთთან” არ უარყო და განუცხადა, რომ ამის შესახებ ფონდი ინფორმაციას 8 ივნისს გაავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, ივანიშვილი გადასცემს თუ არა სახელმწიფოს საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ბაღს, სადაც ცოტა ხნის წინ ციხისძირიდან ასწლოვანი ტიტის ხე გადარგო.

2030.news-ის ინფორმაციით, დარბაზის გადაცემის ღონისძიება მიმდინარე კვირისთვის არის დაგეგმილი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ამავე წყაროს ცნობით,  საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და  მშენებლობაში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

საკონცერტო დარბაზის მშენებლობის გარდა ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში 75 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა სასტუმროს მშენებლობაში, რომელიც თანაინვეტირების ფონდის პროექტია. პროექტი 2016 წელს უნდა დასრულდეს.

ფონდმა მაისში განაცხადა, რომ ივანიშვილი მზადაა, დაინტერესებულ ბიზნესმენებს რამდენიმე პროექტი, მათ შორის შეკვეთილში მდებარე სასტუმრო მიყიდოს მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე, თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ.

სასტუმრო შეკვეთილში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს

სასტუმრო შეკვეთილში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა, როცა მის მიერ შექმნილმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიგო. ის პრემიერ-მინისტრი გახდა, 2013 წელს კი თანამდებობიდან გადადგა. მისი გადადგომის შემდეგ ხელისუფლებას პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების წევრები არაფორმალური მმართველობის გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს და ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

2016 წელს ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ  მთელ რესურსს გამოიყენებს, რათა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ხელისუფლებაში კვლავ მოსვლა ვერ მოახერხოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი