ახალი ამბები

კინოცენტრის ჟიურის წევრის არაკორექტული შეფასება საკონკურსო ფილმის პროექტზე

7 ივლისი, 2016 • 2803
კინოცენტრის ჟიურის წევრის არაკორექტული შეფასება საკონკურსო ფილმის პროექტზე

ფილმის პროდუსერი ნოდარ ნოზაძე აცხადებს, რომ კინოცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, არაკორექტული შეფასება მიიღო, რაზეც კინოცენტრი ბოდიშს იხდის.

“სცენარის კითხვისას ხან ვარწ-ევდი, ხან ვი-ვავდი. დარწმუნებული ვარ, ავტორი კმაყოფილი იქნება იმ ემოციებით, რაც სცენარმა ჩემში გამოიწვია”, – ასე წერია კომისიის ერთ-ერთი წევრის წერილობით შეფასებაში, რომელიც პროექტ “არმატურის” სცენარისთვის მის მიერ მინიჭებული ქულების დასაბუთების გრაფაში დაწერა.

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 2016 წლის 1 ივნისს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 17 პროექტი მონაწილეობდა, მათგან ერთ-ერთი იყო “არმატურა”.

პროექტი კინოცენტრში საპროდიუსერო კომპანიამ ,,პანსიონატი’’ წარადგინა. რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი ცქვიტინიძეა, ხოლო პროდიუსერი- ნოდარ ნოზაძე. მათი პროექტი სხვა 16 პროექტთან ერთად საექსპერტო კომისიას გადაეცა განსახილველად.

კონკურსის მეორე ეტაპზე მხოლოდ 4 პროექტი გადავიდა. პროექტმა “არმატურა” 130 ქულა მიიღო და პირველი ეტაპი ვერ გადალახა. კონკურსის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ნოდარ ნოზაძემ საექსპერტო კომისიის შესფასებები კინოცენტრიდან გამოითხოვა.

კინოცენტრის ჟიურის შეფასება ფილმის პროექტზე "არმატურა"

კინოცენტრის ჟიურის შეფასება ფილმის პროექტზე “არმატურა”

საექსპერტო კომისიაში შედიოდნენ ვაჟა გიგაშვილი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი, ეთერ (დოდო) ოკუჯავა, ირაკლი ფანიაშვილი, თამარ ფოცხიშვილი, რუსუდან პირველი, ირაკლი სოლომანაშვილი.

ამ პირებიდან ერთ-ერთმა წევრმა მისცა ასეთი შეფასება პროექტის სცენარს, თუმცა, რომელმა შემფასებელმა დაწერა, ეს უცნობია, რადგან ისინი ანონიმურად აფასებენ ფილმების პროექტებს.

დღეს, 7 ივლისს კინოცენტრი შემფასებლის წერილობით კომენტარს გამოეხმაუარა და ბოდიში მოუხადა კონკურსის მონაწილეებს: ჟიურის წევრის “ყოვლად არაეთიკური ჩანაწერი სათანადოდ არ გაკონტროლდა და მოხვდა მიღებულ საბუთებში.”

კინოცენტრი განმარტავს, რომ მას კანონით არ აქვს უფლება, საჯარო გახადოს ჟიურის ამ წევრის ვინაობა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ის თავად მოუხდის ბოდიშს ამ შეფასების გამო პროექტის ავტორებს.

კინოცენტრი მიიჩნევს, რომ ჟიურის წევრები განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მიუდგნენ პროექტების ავტორებს, ასევე არსებობს კინოცენტრის მიერ შემუშავებული ეთიკის ნორმები, რომელსაც კონკურსამდე ხელს აწერს საექსპერტო კომისიის ყველა წევრი.

“ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ საკონკურსო რეგულაციები ეთიკის მხრივ დასახვეწია”, – აცხადებს კინოცენტრი. 

კინოცენტრის განმარტებით, დირექტორი ზურა მაღალაშვილი რამდენიმე დღეში, საზღვარგარეთიდან დაბრუნებისთანავე, სათანადო რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი