ახალი ამბები

კონტროლის პალატა და არასამთავრობოები კანონს განსხვავებულად განმარტავენ

10 თებერვალი, 2012 • • 1369
კონტროლის პალატა და არასამთავრობოები კანონს განსხვავებულად განმარტავენ

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 261 მუხლი, რომელიც პარტიასთან ირიბად ან პირდაპირ დაკავშირებულ პირს შეეხება და, შესაბამისად, მასზე გავრცელებულ შეზღუდვებს ითვალისწინებს, დღეს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონტროლის პალატის წარმომადგენლების (კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე) განხილვის მთავარი თემა იყო.   

დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო სექტორსა და კონტროლის პალატის წარმომადგენელებს შორის კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.   

ცხადია, არასმთავრობოების მოლოდინი განსაკუთრებული იყო ლევან ბეჟაშვილის პოზიციაზე, მიენიჭებოდა თუ არა ორ არასამთავრობოს –“ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” და “რესპუბლიკური ინსტიტუტი” – პარტიასთან დაკავშირებული პირის სტატუსი. შესაბამისად, გავრცელდებოდა თუ არა ამ ორგანიზაციებზე ისეთივე შეზღუდვები, როგორც პარტიებს აქვთ დაწესებული.     

ბეჟაშვილის განცხადებით, წერილის გადაგზავნა სრულებით არ გულისხმობს ამ ორგანიზაციებისთვის პარტიასთან დაკავშირებული პირის სტატუსის მინიჭებას. მისივე განცხადებით, ინფორმაციის გამოთხოვის ერთ–ერთი მიზანი იყო ის, რომ ვერ მოხდა ფინანსური აქტივობების შესახებ ინფორმაციის სხვა საშუალებით მოპოვება.  

“ჩვენი მთავარი მიზანი ამ ინფორმაციის გამოთხოვის იყო რამდენიმე: პირველი, რომ ჩვენ ოფიციალურად ვერ მოვიპოვეთ ღია წყაროდან ამ ორგანიზაციის შესახებ ფინანსური აქტივობის შესახებ ინფორმაცია. მეორე იყო საზოგადოების ინტერესი, ცალკეული პოლიტიკური პირები ასოცირდებოდნენ პოლიტიკურ საქმიანობასთან.  რაც შეეხება “რესპუბლიკურ ინსტიტუტს”, თქვენ თუ ნახავთ “რესპუბლიკური პარტიის” ვებ–გვერდს და სტრუქტურას, ნახავთ, რომ ეს ორგანიზაცია ცალკე არის მოხსენიებული “რესპუბლიკური პარტიის” არასამთავრობო ორგანიზაციად. ამიტომ ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა და, შესაბამისად, “რესპუბლიკურ პარტიას” აღიარებული აქვს ამ კანონის მოქმედების გავრცელება მის არასამთავრობო ორგანიზაციასთან. თუმცა იმასთან დაკავშირებით აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც თავის სტრუქტურაში ჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა კვლევით, საექსპერტო, ანალიტიკურ საქმიანობას, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილი არ ნიშნავს იმას, რომ ამ ორგანიზაციას ამ საქმიანობას ვუკრძალავთ. ასეთ ორგანიზაციებს არ ექნებათ შეზღუდვები, მიიღონ დაფინანსებები და ერთობლივად განახორციელონ კვლევითი საქმიანობები,” –  განმარტავს ბეჟაშვილი.    

თუმცა ბეჟაშვილის მიერ მსგავსმა განმარტებამ  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებში უფრო მეტი კითხვები წარმოშვა.

რა შემთხვევაში შეიძლება, რომ იურიდიული და ფიზიკური პირი მიჩნეულ იქნას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშრიებულ პირად? 

ბეჟაშვილის განცხადებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტივობის მონიტორინგის შესახებ კანონი, ანუ ეს არის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შესახებ კანონი. ამიტომ მთავარი ტესტი სხვა პირობებთან ერთად უნდა იყოს ხარჯების კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენეონ არასამთავრობო  სექტორი კანონით გათვალისწინებული გარკვეული შეზღუდვებისთვის თავის ასარიდებლად.

თუმცა აღნიშნულს არ დაეთანხმა საია–ს თავჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და აღნიშნა, რომ კანონის მისეული განმარტებები არ გამომდინარეობს კანონიდან.

“მე მგონი, კარგი იქნებოდა, ეს რომ ეწეროს კანონში, რა განმარტებებსაც თქვენ აკეთებთ, მაგრამ ეს არ გამომდინარეობს კანონიდან. გადაწყვეტილების მიღების პროცესი მართლა არ ჩანს, როგორ ხდება იდენტიფიცირება პირის, ანუ რა პროცესი მიმდინარეობს. კანონი არის სრულიად გაუგებარი და ჩანაწერები აბსურდული და თქვენ მიერ გაკეთებული განმარტებები კანონმდებლობის მოცემულობის მიღმა დგას,” – აღნიშნა შეხვედრაზე ჩუგოშვილმა.   

ბეჟაშვილის მოსაზრებას ფინანსური ანგარიშების საჯაროობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს  “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანი და იმედოვნებს, რომ მალე მოგვარდება მის ორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცესი.  

“ფინანსური გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეპუტაცია, იმიჯი, არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას. უკეთესი იქნებოდა, რომ ყოფილიყო მარტივად მოთხოვნილი და თავიდანვე ეთქვათ, რომ მონიტორინგის მიზნებისთვის უნდა მომხდარიყო ფინანსური ხარჯების წარდგენა და ამას დამატებითი პოლიტიკური მოტივი არ ჰქონოდა,” – აღნიშნა დევდარიანმა.

კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად დაისვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და რომელმაც თავიდან გარკვეული გაუგებრობები გამოიწვია, შეეხო გრანტების საკითხს, ანუ არასამთავრობო მიიღებს თუ არა გრანტს საერთაშორისო ორგანიზაციისგან?

“თუ ისინი არ იმყოფებიან კავშირში პოლიტიკურ პარტიასთან, ჩვეულებრივად ექნებათ შესაძლებლობა თანხების მიღების,” – განაცხდა ბეჟაშვილმა.  

თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ დაკავშირების შემთხვევაშიც ორგანიზაციას არ ეზღუდება სემინარების, ლექციების ჩატარებისთვის თანხების მიღების შესაძლებლობა. ამ უკანასკნელმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციებში და “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს სამჯერ მოუხდა ამ კითხვის დასმა იმისთვის, რომ შედარებით გასაგები პასუხი მიეღო ბეჟაშვილისგან.

რაც შეეხება კანონს, კანონში არსებულ ხარვეზებზე არასამთავრობოებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ კანონი თუ არ შეიცვალა, ამ დებულებების ნორმალურად გამოყენება შეუძლებელი იქნება.

პრობლემურ საკითხებს ვხედავთ ერთმანეთთან მიმართებით. მაგალითად, კონტროლის პალატას ეს კანონი აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინფორმაცია გამოითხოვონ პარტიებიდან, ბანკებიდან და სხვა სუბიექტებიდან, სადაც არ შედის არასამთავრობოები, ხოლო როდესაც არასამთავრობოებს ვეხებით, მაშინ უკვე ამოქმედდება 261 მუხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ 261 მუხლით თქვენ თუ შეეხებით რომელიმე ორგანიზაციას, ავტომატურად სრულად შეეხებით და არა იმ ნაწილით, სადაც მხოლოდ ინფორმაციას მოითხოვთ,” – განმარტა ჩუგოშვილმა.  

ამ მოსაზრებას ბეჟაშვილი არ დაეთანხმა და აღნიშნა, “ჩვენ არ ვართ ის ორგანო, რომელიც კანონის ხარვეზებზე ისაუბრებს, მაგრამ კანონის დებულებების მიუხედავად ,არსებობს ჩვენი, კანონის აღმსრულებლების მხრიდან ნება, რომ ეს კანონი განმარტებული იყოს გონივრულად და კეთილსინდისიერად.”

შეხვედრის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნლებმა (NDI, IRI, ევროსაბჭოს წარმომადგენლობა) კიდევ ერთხელ დააფიქსირეს უკმაყოფილება აღნიშნული კანონის განმარტების მხრივ და აღნიშნეს, რომ საჭიროა, კონტროლის პალატის ვებ–გვერდზე უფრო ნათელი განმარტება განთავსდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი