ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არავისთვის საჭირო აფხაზური რეფერენდუმი

30 ივნისი, 2016 • 2166
არავისთვის საჭირო აფხაზური რეფერენდუმი

აფხაზეთში მხოლოდ ძალიან ზარმაცი არ ავლებს პარალელებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მოახლოებულ რეფერენდუმსა და ევროკავშირიდან გამოსვლაზე დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ პლებისციტს შორის.

ნამდვილად, ორივე შემთხვევაში მოქმედი ხელისუფლებები თანხმდებიან ოპოზიციის ინიციატივებს ამომრჩეველთა უარყოფითი პასუხის იმედით. თუმცა, როგორი იმედებიც არ უნდა ჰქონდეთ ოპოზიციონერებს, რომ რაულ ხაჯიმბა ისევე დამარცხდება, როგორც დევიდ ქემერონი, პირდაპირი პარალელების გავლება მაინც არ ღირს.

ხელისუფლების მიზანი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა

ხაჯიმბამ სრულიად გაცნობიერებულად დანიშნა რეფერენდუმი შუა ზაფხულში. 10 ივლისი – გაცხარებული საკურორტო სეზონია, მოსახლეობის არსებითი ნაწილი პურის ფულის შოვნით არის დაკავებული და ყველა უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამს ნებისმიერი პოლიტიკური წინააღმდეგობის გამოვლინებას, რომელმაც შესაძლოა ტურისტები დააფრთხოს. ისინი კი, ვინც არ არიან დაკავებული ტურისტულ სფეროში, შვებულებას საზღვარგარეთ ან სოფლებში ატარებენ. ერთი სიტყვით, ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა არჩევნებისთვის ვერ მოიცალონ.

ამასთან, საინფორმაციო კამპანიის მოსამზადებელი დრო ოპოზიციონერებს პრაქტიკულად აღარ დარჩათ. ოპოზიციური ბლოკის ლიდერები ალბათ ვარაუდობდნენ, რომ ხაჯიმბა რეფერენდუმს შემოდგომაზე, საკურორტო სეზონის მიწურულს დროს დანიშნავდა და აფხაზეთში ტრადიციული პოლიტიკური ბატალიების დროც დადგებოდა. მაგრამ აფხაზმა ლიდერმა იჩქარა, და თუმცა ოპოზიციონერები ამის გამო მოხარული არ არიან, საკუთარ ინიციატივაზე უარის თქმა ვეღარ შეძლეს – ალბათ იფიქრეს, რომ სისუსტეში ჩაუთვლიდნენ.

ეჭვის შეტანა იმაში, რომ მოქმედი ხელისუფლების მთავარი მიზანი რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობის ჩავარდნაა, არ ღირს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ლეონიდ ძაპშბასა და მის ხელქვეითებს შორის არსებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

“მოქმედი ხელისუფლება რეფერენდუმის წინააღმდეგია, თქვენ ვინ ხართ, ვერ გავიგე?! ჩვენ ვართ ჩინოსნები, სამართალდამცავები… დავინახავ, ვინ მივა რეფერენდუმზე! ჩემი თანამშრომელი წავა რეფერენდუმზე?! ხო?! ჩემი ფასი კაპიკი იქნება! აბა, გაბედეთ წასვლა!”, – აი, ასეთი ხისტი ფორმით იმუქრებოდა სამსახურიდან დათხოვნით ძაპშბა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებული ეპიზოდი ალბათ ყველაზე განსაკუთრებული იყო პოლიტიკურ ორთაბრძოლაში. “მოსმენების” გავრცელების შემდეგ სამი ყოფილი შს მინისტრი – რაულ ლოლუა, ოთარ ხეცია და აბესალომ ბეია პრეზიდენტისადმი ღია წერილითა და წინადადებით გამოვიდნენ, რომ ლეონიდ ძაპშბა პოსტიდან დაითხოვოს. მიმართვები იყო პოლიტიკური ირგანიზაციების მხრიდანაც. თუმცა ხაჯიმბამ სულ ოდნავ გაკიცხა გულმოდგინე მილიციელი.

“გარე კვალი”
ცალკე აღსანიშნავია მოსაზრებები პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის “გარე კვალის” საკითხზე.

პოლიტიკური მოთამაშეების დამოკიდებულების თემა გარე ძალების შესახებ აფხაზური არჩევნების აუცილებელი ატრიბუტია. რაულ ხაჯიმბას რემარკა იმაზე, რომ “რეფერენდუმი ოპოზიციაზე თავს მოხვეულია გარედან”, ტრადიციული დაპირისპირების თემაში ჯდება. მინიშნება იყო მოსკოვში მყოფ ალექსანდრ ანქვაბზე და კრემლში მის კურატორზეც.
ოპოზიციის პასუხი შესაბამისი იყო: “ჩვენს რეფერენდუმს … გულისფანცქალით დაელოდება რამდენიმე ადამიანი აფხაზეთს გარეთ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს ამ ხელისუფლებაზე და ვინც ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოჩნდება,  თუკი ხალხი ხელისუფლებას უდნობლობას გამოუცხადებს”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლეკერბაიამ. ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ირინა აგრბა უფრო სწორხაზოვანი იყო: “ყველასთვის ცნობილია, ვინ წარმოადგენს გარკვეული გარე ძალების მარიონეტს”. იმის გათვალისწინებით, რომ ადრე აგრბა პირდაპირ დებდა ბრალს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს, ვლადისლავ სურკოვს 2014 წლის 27 მაისის მოვლენებში, როდესაც ალექსანდრ ანქვაბი პოსტიდან გადააყენეს, ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს, თუ რომელ გარე ძალებს გულისხმობს ის.

საინტერესოა, რომ ამ თამაშში ძალიან ტლანქად ჩაერთო რუსული სააგენტო “სპუტნიკ-აფხაზია” [«Sputnik Абхазия»], რომელმაც გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსული ЕАЭС [ევრაზიული ეკნომიკური კავშირის] ინსტიტუტის დირექტორთან, ვლადიმერ ლეპეხინთან. კითხვაზე, არსებობს თუ არა კავშირი რეფერენდუმებს შორის დიდ ბრიტანეთსა და აფხაზეთში, მან თქვა: “ჩემი აზრით, ორივე რეფერენდუმი – ერთი და იმავე გლობალური მოვლენის სიმპტომები და შედეგია – რომელიც მსოფლიოს გადაკეთების საწყისი და გაძლიერებაა”… შემდეგ კი კიევური მაიდანი განიხილა: “…აფხაზურ რეფერენდუმში ასევე შეიმჩნევა გარე კვალი, რომელიც რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული”.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსი ექსპერტი რეფერენდუმის ინიციატორებად დასავლეთის აგენტებს განიხილავს, რამაც აფხაზეთში გაუგებრობა და სარკაზმი გამოიწვია.

რეფერენდუმი პრობლემებს ვერ გადაჭრის

პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ მაინც გავრისკავ ვარაუდს, რომ ხაჯიმბას ტაქტიკა გაამართლებს და რეფერენდუმზე ამომრჩევლის აქტივობა მაღალი არ იქნება. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეფერენდუმის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ბარიერი გადაილახება: პლებისციტის აღიარებისთვის საარჩევნო უბნებზე საერთო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი უნდა მივიდეს. თუკი არჩევნებამდე რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდა, ეს ოპოზიციისთვის მიუღწეველი ბარიერია.

თუმცა რაულ ხაჯიმბამაც უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას. რეფერენდუმში გამარჯვება მის ძალაუფლებას რამდენადმე გაამყარებს, მაგრამ აფხაზეთში ორ ურთიერთმებრძოლ ბანაკს შორის დაპირისპირების დონეს არ შეამცირებს. დიახ, მან ოპოზიციას აჯობა, რომელიც შესაძლოა საერთოდაც არ ვარაუდობდა, რომ ხაჯიმბა რეფერედუმს დათანხმდებოდა. საპრეზიდენტო სკამზე არც ისე მყარად მჯდომი პრეზიდენტის შიშებზე სპეკულირება და, ამავე დროს, იმით სარგებლობა, რომ ეკონომიკური კრიზისი რუსეთში აფხაზეთს ურტყამს, ძალიან ადვილია.

თუმცა ეს იქნება ხაჯიმბას ტაქტიკური გამარჯვება. რა თქმა უნდა, იქამდე, სანამ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის წინააღმდეგ გაერთიანდება, საქმე ჯერ კიდევ არ მისულა [სწორედ ასე მოხდა ალექსანდრ ანქვაბის შემთთხვევაში}, მაგრამ ხელისუფლების კრიტიკოსთა ბანაკი იზრდება. გავრცელებულია აზრია აფხაზეთში, რომ მეორე ვადით ხაჯიმბას აღარ აირჩევენ.

რაულ ხაჯიმბა; ფოტო: აფხაზი ფოტოგრაფის, იბრაგიმ ჭკადუას ფეისბუკის გვერდიდან

რაულ ხაჯიმბა; ფოტო: აფხაზი ფოტოგრაფის, იბრაგიმ ჭკადუას ფეისბუკის გვერდიდან

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი