ახალი ამბები

რას ცვლის უმაღლესი სასწავლებლების სტატუსი

10 თებერვალი, 2012 • 1058
რას ცვლის უმაღლესი სასწავლებლების სტატუსი

2012 წლის პირველი იანვრიდან რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს სტატუსი შეეცვალა –საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არასამეწარმეო იურიდიულ პირად გადაკეთდა. რას პრინციპულ ცვლილებებს გამოიწვევს სტატუსის შეცვლა?

მეტი ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა, ასე აფასებენ მინიჭებულ სტატუსს ის უმაღლესი სასწავლებლები, ვინც არასამეწარმეო იურიდიულ პირად უკვე გადაკეთდა.

„ჩვენ უკვე შეგვიძლია დავაარსოთ მომგებიანი საწარმოები, შევიდეთ ამხანაგობებში, გავყიდოთ ისეთი სერვისები, როგირიცაა მოკლევადიანი კურსები. მაგალითად, სახელმწიფო მოხელეების გადამზადების, ენის კურსები  და ა.შ.  პოტენციურად ბევრი რამე შეიძლება უნივერსიტეტის შემოსავლის წყაროდ იქცეს,“–ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ არაკომერციულ იურიდიულ პირებს სამეწარმეო საქმიანობის უფლება ეძლევათ, კანონმდებლობა აქვე ბარიერსაც ქმნის, რომლის მიხედვით, მოგებული თანხა მხოლოდ სასწავლებელს უნდა მოხმარდეს.

ცვლილებას დადებითად აფასებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთევან ქოქრაშვილიც და ცვლილების კიდევ ერთ მხარეზე საუბრობს.

„თუ ადრე ტენდერი უნდა ჩაგეტარებინა წიგნების შესყიდვისთვის, რაც დროისა და პროცედურების თვალსაზრისით პრობლემას გვიქმნიდა, ახლა თავისუფლად შეგვიძლია ვიყიდოთ ისინი ნებისმიერი მომწოდებლისგან,“–ამბობს ქოქრაშვილი.

თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, თათული თოდუა აქვე განმარტავს, რომ ტენდერების გაუქმება მხოლოდ სახელმძღვანელოების შესყიდვაზე ვრცელდება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი, ეს სასწავლებლები ისევ დაემორჩილებიან კანონს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.“

დღესდღეობით სტატუსი მხოლოდ სამ უმაღლეს სასწავლებელს– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს– შეეცვალა.

როგორც თსუ–ს რექტორი ამბობს, უნივერსიტეტები საკუთარი არჩევანით დათანხმდნენ ახალ სტატუსის მინიჭებას,  თუმცა, როგორც ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამბობენ, სტატუსის შენარჩუნების თხოვნით, მათ აჭარის მთავრობას მიმართეს.

„აჭარის მთავრობის დონეზე გადაწყდა სტატუსის შენარჩუნების საკითხი. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ გვაკლია. აჭარის მთავრობა გვაფინანსებს. ის გვაძლევს სტიპენდიების ფულსაც, რითაც ჩვენს სტუდენტებს ვეხმარებით. სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, ალბათ სახელმწიფოს მიერ ისეთი დაფინანსება აღარ ექნებოდა ჩვენს უნივერსიტეტს,“–ამბობს ბათუმის იუნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ბარათაშვილი.

იმ უმაღლეს სასწავლბლებში კი, რომელთაც ახალი სტატუსი უკვე მიენიჭათ, აცხადებენ, რომ სახელმწიფოს დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება და სახელმწიფო ისევ დააფინანსებს მის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ პროგრამებს, თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ სასწავლებლების ძირითადი შემოსავლის წყარო ისევ სტუდენტთა მიერ გადახდილი გადასახადები იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი