ახალი ამბები

შედგება თუ არა ხვალ ჯიოევას ინაუგურაცია?

9 თებერვალი, 2012 • 1279
შედგება თუ არა ხვალ ჯიოევას ინაუგურაცია?

დღეს ცხინვალში 25 მარტს დანიშნული ხელახალი არჩევნების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც ოსური გამოცემები იუწყებიან, ამ აქციის ორგანიზატორი დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატა იყო.

აქციაზე შეკრებილთა აზრით, გაზაფხულის არჩევნები ერთადერთი გზაა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და სტაბილიზაციის მისაღწევად. ოპოზიციური ინტერნეტგამოცემების ინფორმაციით კი, დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს აქცია ჯიოევას ინაუგურაციის საწინააღმდეგოდ გამართა და მასში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ცხინვალის ცენტრში, მიტინგზე გასვლას ავალებდნენ.

ხვალ, 10 თებერვალს, 12 საათზე ალა ჯიოევა საკუთარ ინაუგურაციას გამართავს. ინაუგურაცია ჩკალოვის ქუჩაზე, ძამბოლათ თედეევის სახლთან, გაიმართება, სადაც ამჟამად ოპოზიციის შტაბია მოწყობილი.

ცხინვალში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ჯიოევას ინაუგურაციას ხელი ძალისმიერი მეთოდებით შეუშალოს. გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა: ვალერი ვალიევის უწყება თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არასანქცირებულ შეკრებებში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პაასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ეს განცხადება ჯიოევას მომხრეებმა ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობად შეაფასეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია უძღვოდა. ოსური უშიშროება ოფიციალურ თბილისს დასავლეთის მხარდაჭერით შიდა პოლიტიკური ვითარების გამწვავებაში ადანაშაულებს. ბორის  ატოევის უწყება ქართულ სპეცსამსახურებს მარტის არჩევნების ჩაშლის, პროვოკაციების და ტერაქტების მოწყობის მცდელობაში ბრალს სდებს.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ახალგორის შესასვლელი ჩაკეტეს. ახალგორელების აზრით, ეს ალა ჯიოევას ინაუგურაციასთან არის დაკავშირებული. ახალგორელი თამარ მეარაყიშვილის თქმით, ახალგორისკენ მოძრაობა დიდთოვლობის გამო ისედაც შეზღუდულია, ხოლო გზა ახალგორიდან ცხინვალამდე საერთოდ გაუვალია.

დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისია საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციას ასრულებს. ამ ჯგუფებმა  კანდიდატების საბოლოო რეგისტრაციისთვის 10 დღის ვადაში მინიმუმ 500 ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. წინასწარი ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკას 20-მდე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ეყოლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი