ახალი ამბები

კოვალიოვი: რუსეთის დელეგაცია OSCEPA-ს პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

1 ივლისი, 2016 • 1892
კოვალიოვი: რუსეთის დელეგაცია OSCEPA-ს პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

“ჩვენ შევთანხმდით, რომ გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ. იმედი მაქვს, რომ რუსეთი მარტო არ იქნება და ეს ადამიანი ღირსეულ ადგილს დაიაკვებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სათავეში”, – ეს განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა გააკეთა.

რუსეთის დელეგაცია თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ 25-ე სესიაში მონაწილოების მისაღებად ჩამოვიდა. სესიის ბოლო დღეს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ევროპის სახალხო პარტიის სახელით წარდგენილია გიგი წერეთლის კანდიდატურა, თუმცა მას მხარს არ უჭერენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტი სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.

1 ივლისს საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი. ამასთან, სესიას დაესწრებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის თავმჯდომარე ბარისა გოლაკი და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაჟოვიჩი.

“ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით”, – მთავრობის ინფორმაციით, ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე გააკეთა.

მთავრობის ცნობით, საუბრის ძირითადი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი