ახალი ამბები

ნიკოლოზ ვაშაკიძე: იმედს გამოვთქვამთ, რომ ცხინვალში სისხლი არ დაიღვრება

6 თებერვალი, 2012 • • 1072
ნიკოლოზ ვაშაკიძე: იმედს გამოვთქვამთ, რომ ცხინვალში სისხლი არ დაიღვრება

“ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები  კანონზომიერი შედეგია იმ მანკიერი პოლიტიკის, რაც საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციამ თავად გაატარა,” – განაცხადა დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

მისივე განცხადებით, ამ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ხელმძღვანელობას ეკისრება.

“ეს ჩვენი ტერიტორიაა, იქ ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და ჩვენ საკმაოდ შეშფოთებით და გულისტკივილით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. გვაქვს იმედი, რომ სისხლისღვრამდე საქმე არ მივა. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც მოგახსენეთ, რუსეთის ფედერაციის მანკიერი პლოიტიკის შედეგად საქმე აქამდე მიყვანილია. იმედს გამოვთქვამთ, რომ იქ სისხლი არ დაიღვრება,” – განაცხადა ვაშაკიძემ.

სააგენტო “რია–ნოვოსტის” ინფორმაციით, ცხინვალში დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ე.წ სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს და მან მოხსნა თავისი კანდიდატურა.

შეგახსენებთ,  ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2011 წლის ნოემბერში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მან “განათლების მინისტრის”, ალა ჯიოევას მსგავსად ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღო.

მეორე ტურში უპირატესობა ჯიოევამ მოიპოვა, თუმცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გამოვლენილი დარღვევების მოტივით არჩევნების შედეგები არ ცნო.

ე.წ  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ალა ჯიოევა თავს  თვითგამოცხადებულ პრეზიდენტად აღიარებს და მან 10 თებერვალს ინაუგურაციის დღე დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი