ახალი ამბები

რ2-ის დაკვეთილი კვლევით “ოცნებას” და ენმ-ს თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვთ

28 ივნისი, 2016 • 1555
რ2-ის დაკვეთილი კვლევით “ოცნებას” და ენმ-ს თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვთ

კვლევა, რომელიც რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა, აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვთ. კერძოდ, მმართველ ძალას მხარს უჭერს გამოკითხულთა 30.5%, ხოლო ყოფილ მმართველ პარტია ენმ-ს 28.2%. ამასთან, კვლევის ცდომილება +/-2.1%-ია.

რუსთავი 2-ის ცნობით, კვლევის ფარგლებში, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდში, შემთხვევითი შერჩევით, პირდაპირი გამოკითხვის გზით გამოიკითხა საქართველოს 2,200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, პაატა ბურჭულაძის პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” მხარს უჭერს 11.6%, ირაკლი ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებს” – 8.9%, შალვა ნათელაშვილის “ლეიბორისტებს” – 4.5%, დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის “პატრიოტთა ალიანსს” – 3.1%, ხოლო ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას” – 2.3%.

რუსთავი 2-ის ცნობით, მათი დაკვეთით ეს კვლევა ჩაატარა გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ  GFK-მ. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა ეგზიტპოლები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამ ეგზიტპოლით, გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ხმების – 66.7%, დავით ბაქრაძემ – 20.2%. ცესკოს მონაცემებით, მარგველაშვილმა მიიღო ხმების 62.09%, ხოლო ბაქრაძემ – 21.71%.

GFK-მ ჩაატარა ეგზიტპოლი რუსთავი 2-ის დაკვეთით 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. ამ ეგზიტპოლით, საქართველოს შვიდი თვითმმართველი ქალაქიდან მმართველი კოალიციის კანდიდატებმა მხოლოდ 2 ქალაქში გადალახეს 50%-იანი ბარიერი. ცესკოს ცნობით, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს ოთხ თვითმმართველ ქალაქში.

მანამდე კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს GFK-მ ეგზიტპოლი ჩაატარა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით. ამ ეგზიტპოლით “ოცნებამ” მიიღო – 35%, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” – 30%, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა ცესკოს მონაცემებისგან (შესაბამისად, ცესკოს მონაცემი იყო – ოცნება – 54.97%; ენმ – 40.34%).

მასალების გადაბეჭდვის წესი