ახალი ამბები

IEA: საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

28 ივნისი, 2016 • 6367
IEA: საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) კვლევის თანახმად, 2012 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.

მათივე მონაცემებს თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანი კვდება. ჰაერის დაბინძურება იწვევს ბევრ დაავადებას, მათ შორის, ფილტვის კიბოსა და გულის დაავადებებს.

Screen Shot 2016-06-27 at 12.38.11 PM

სართაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანალიზისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი ცხრილის თანახმად, საქართველო მსოფლიოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა. ამ ცხრილში დათვლილია სიკვდილიანობა როგორც გარე დაბინძურებთ, ასევე შენობის შიგნით სხვადასვხა საშუალებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებითაც. კერძოდ, ცხრილში შესულია სიკვდილიანობა გამოწვეული გოგირდის დიოქსიდით, აზოტის ოქსიდებით და შენობაში სხვადასხვა მყარი საწვავის (შეშა, ნახშირი) მოხმარებით გამოწვეული დაბინძურებითაც.

რატომ არის საქართველო პირველ ადგილზე? IEA-ს ამასთან დაკავშირებთ რაიმე განმარტება არ წარმოუდგენია, თუმცა ჰაერის ხარისხის ექსპერტი ტიმ კოვაჩი ამბობს, რომ საქართველოს გარემოს მდგომარეობის ანგარიშში ამასთან დაკავშირებით მინიშნებები არის.

“ქვეყანაში მკვეთარად გაიზარდა ძველი ავტომობილების რაოდენობა, ხოლო დაბინძურებაზე ტესტირების მექანიზმი პრაქტიკულად არ არსებობს.

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არ არის საკმარისად განვითარებული, ადამაინების დიდი ნაწილი ამჯობინებს, რომ საკუთარი ავტომობილით ისარგებლოს. შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკუთარი ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკანასკნელ 5 წელიწადში კი – თითქმის გაორმაგდა.

ყველაზე ხშირად საქართველოში ყიდულობენ მეორეულ ავტომობილებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოაქვთ. საქართველოში ავტომობილების საშუალო ასაკი 10-15 წელია. ძალიან პოპულარულია დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები.

ავტომობილების ტესტირება, თუ რამდენად არიან ისინი გზებზე სიარულისთვის გამოსადეგი, საქართველოში არ ფუნქციონირებს. ამიტომაც ბევრი ავტომობილი, რომელიც გზებზე მოძრაობს, ცუდ ტექნიკურ მდგომარეობაშია. გამონაბოლქვ აირებზე პერიოდული ტესტირების დაწყებაც შეჩერებულია.

ავტომობილის მფლობელები ავტომობილიდან  ან ხშირად იღებენ, ან დაზიანებული აქვთ კატალიზატორები, რაც მავნე აირების გამოფრქვევას უწყობს ხელს.საქართველოს ქალაქებში პრობლემურია ავტომობილების ტრაფიკის მენეჯმენტი და ხშირად წარმოიქმნება საცობები.

ეს ფაქტორები ხელს უწყობს საავტომობილო ტრანსპორტისგან მავნე აირების დიდი რაოდენობით ემისიას.

კოვაჩი ასევე მიანიშნებს საბჭოთა ინდუსტრიის მემკვიდრეობაზე: მაგალითად, მანგანუმის ძველს საბადოებს ჯერ კიდევ აქვთ დაბინძურების მაღალი დონე,”- ვკითხულობთ სტატიაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე პუბლიკაციაში “ტრანსპორტი, გარემო და ჯანმრთელობა” აღნიშნულია, რომ  საქართველოში 2000-2012 წლებში მოსახლეობაში  სუნთქვის ორგანოების დაავადებების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით კი შემთხვევების ზრდა შეინიშნება ბავშვებში. 2000-დან  2012-წლამდე მთლიან მოსახლეობაში სუნთქვის ორგანოების დაავადებების მაჩვენებლები  242.3%–ს, ხოლო   ბავშვებში 329.5%–ს შეადგენს. საშუალო წლიური ზრდა მთლიან მოსახლეობაში 20,2%–ს, ბავშვებში კი 27.5%–ს შეადგენს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები

რას ამბობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებში

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მრჩეველი ნია გიუაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს მეთოდოლოგია, რომელიც დაადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს საქართველოში არსებული ჰაერის დაბინძურებასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე მის ზეგავლენას შორის.

“ასეთი კვლევების წარმოებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ დაავადებათა სტატისტიკა, არამედ ამას სჭირდება, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გამარღთული სისტემა, რომელი მომართულებითაც საქართველოს მთავრობა და კერძოდ გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს, რომ იყოს ახალი ავტომატური სადგურები, იყოს იმ რაოდენობით, რომ საკმარისი ინფორმაცია შეგროვდეს ამაზე, გამოიყენებოდეს ის მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ასეთი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები თანამედროვე მიდგომების, მათ შორის, ამ კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგიის და მიდგომების მიხედვით იქნას შეფასებული,”- ამბობს ნია გიუშვილი.

მისივე თქმით, ეს მონაცემები ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის წარმოდგენილი და ხელს შეუწყობს საქართველოში ამ მიმართულებით უფრო მეტი აქტივობის განხორციელებას.

როგორც IEA-ს მონაცემებში არის აღნიშნული, საუბარია როგორც შენობის გარეთ, ასევე შენობის შიგნით, მყარი საწვავის მოხმარების გამო არსებული ჰაერის სავარაუდო დაბინძურების გავლენაზე ადამიანების ჯანმრთელობასა და სიკვდილიანობაზე.

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, კვლევა 2012 წელს არის ჩატარებული, ამ დროის შემდეგ კი ქვეყანაში გარკვეული მაჩვენებლები შეიცვალა. კერძოდ, მათი განცხადებით, მიმდინარეობს გაზიფიცირებაზე, რაც ზეგავლენას ახდენს მყარის საწვავის მოხმარების შემცირებაზე. ასევე, მათივე ცნობით, 2012 წლის შემდეგ გაუმჯობესდ ქვეყანაში საწვავის ხარისხის (განსაკუთრებით ბენზინის შემთხვევაში) ეროვნული სტანდარტი, შესაბამისად, ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შემცირდა, ხოლო დიზელის შემთხვევაში – 3-ჯერ.

IEA-ს კვლევაში საქართველოს მაჩვენებელს შემდეგნაირად ხსნიან:

“აღნიშნული მონაცემის (სიკვდილიანობა – 100 000 ადამიანზე 292 წელიწადში;) ასეთი მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია 2012 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მეთოდოლოგიის შეცვლით, კერძოდ, ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ფაქტორად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან ერთად დაემატა ახალი ინდიკატორი შენობის შიდა ჰაერის ხარისხი (შენობის შიდა ჰაერი ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას სცილდება – ჯანდაცვა). შენობის შიდა ჰაერის ხარისხს ითვლიან საყოფაცხოვრებო სექტორში მყარი საწვავის (შეშა და ქვანახშირი) გამოყენების მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მონაცემი დგინდება გაზიფიკაციის დონის და მყარი საწვავის მოხმარების ოდენობაზე დაყრდნობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის 46% იყენებს საყოფაცხოვრებო პირობებში (გასათბობად ან საჭმლის მოსამზადებლად) მყარ საწვავს (ამ შემთხვევაში საუბარია შეშაზე და ნახშირზე), ამათგან სოფლის მოსახლეობის 84% და ქალაქის მოსახლეობის 12% იყენებს მსგავს საწვავს. ამ მხრივ საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა (უარყოფით შეფასებაში) და მხოლოდ ბოსნია ჰერცოგოვინას ჩამორჩება (59%). რეგიონის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის მიერ მყარი საწვავის მოხმარების დონე 5%-ზე დაბალია, მხოლოდ აზერბაიჯანში არის 6%. შესაბამისად, ალბათობაა იმისა, რომ აღნიშნული მონაცემი საქართველოსთვის გადაჭარბებულია და არ ასახავს რეალობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ემყარება გარკვეულ საწყის მონაცემებს (მყარი საწვავის მოხმარება, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, დაავადებათა სტატისტიკა და ა.შ.), რომლის ანალიზის საფუძველზეც ხდება მისი დადგენა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს საწყისი მონაცემების სიზუსტეს. საწყისი ინფორმაციის უზუსტობამ შესაძლოა გამოიწვიოს საბოლოო შედეგის მნიშვნელოვანი ცდომილება. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს რომ სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი არის მხოლოდ ვარაუდი (estimation, ექსპერტული შეფასება),”- აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, 2015 წლიდან დაიწყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ინდიკატორული გაზომვები. კერძოდ, საქართველოს 10 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზესტაფონი, ხარაგაული, თელავი, გორი, ზუგდიდი და ახალციხე ჰაერის ხარისხის შესაფასებლად განხორციელდა ინდიკატორული გაზომვები, 2016 წელს დაემატა შემდეგი ქალაქები: მცხეთა, სენაკი, ფოთი, ოზურგეთი, სამტრედია, ხაშური და კასპი.

“როგორც გაზომვები აჩვენებს ზოგიერთი ქალაქის გარკვეულ წერტილებში ფიქსირდება აზოტის დიოქსიდით დაბინძურების საშუალო ინდექსი (მაგალითად, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში), ხოლო დანარჩენი კომპონენტების შემცევლობა ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება რუტინული მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვების ჯიხურებზე დაფიქსირებულ მონაცემებს, აქ აღინიშნება მტვრის, აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევები. ამჟამად იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ქ. თბილისში არსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 3 არაავტომატური სადგურის თანამედროვე ავტომატური გამზომი ხელსაწყოებით აღჭურვის პროცესი და 2016 წლის სექტემბრიდან ქ. თბილისის ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი იქნება სრულად ავტომატიზირებული (4 სადგური). 2016 წელს ქალაქ ჭიათურაში ამოქმედდა ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური,”- აცხადებენ სამინისტროში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი