ახალი ამბები

სასამარლომ შოთა ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა

28 ივნისი, 2016 • 1573
სასამარლომ შოთა ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა

“ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო თვალთვალში ბრალდებულები, შოთა ხიზანიშვილი, ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო – ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

შოთა ხიზანიშვილი სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ხიზანიშვილი სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს.

მისი ადვოკატის, მამუკა ჯაზაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, განაჩენს გაასაჩივრებენ:

“ის გარემოებები, რასაც პროკურატურა გვეუბნებოდა, თითქოს შოთა ხიზანიშვილმა ჩაიდინა, რომც დადასტურდეს, იქ არ გვქონდა გაგფლანგვის მუხლი, ეს მძიმე მუხლი, რომელიც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი ეს მოსაზრება, თუმცა, არ დაგეთანხმა იმაში, რომ საერთოდ დანაშაული სახეზე არ იყო და ეს ქმედება დააკვალიფიცირა უფლებამოსილების გადამეტებით. დასაბითებულ განაჩენს როდესაც მივიღებთ და ჩავხედავთ, როგორ არის დასაბუთებული, ალბათ ამ ნაწილშიც გავასაჩივებთ,”- ამბობს ადვოკატი მამუკა ჯაზაშვილი.

სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ნაწილში, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. სამივე მათგანს ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა 1 წლის და 6 თვის ვადით. მათვე  ჩამოერთვათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება.

ვასილ ლელუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადებაში (კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მიზნით), წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ამ დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 4 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვასილ ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

ბრალდებული შოთა ხიზანიშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სხვისი ნივთის გაფლანგვაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო თანხა – 150 000 ევროს ოდენობით, არ იმყოფებოდა ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი