ახალი ამბები

დაკავებამდე ვაჟა ლელუაშვილმა ვიდეომიმართვა ჩაწერა

8 აპრილი, 2016 • 1995
დაკავებამდე ვაჟა ლელუაშვილმა ვიდეომიმართვა ჩაწერა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, ვაჟა ლელუაშვილმა დაკავებამდე 2 დღით ადრე ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც კურიერს მისმა ცოლმა გადასცა.

როგორც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვიდეომიმართვაში ამბობს, სანდო წყაროდან ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურა მისთვის დანაშაულის დაბრალებას აპირებდა. ლელუაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ პროკურატურა მისთვის პირადი ცხოვრბის ამსახველი კადრების ჩადებას გეგმავს, რომელიც მას არ აქვს.

“სანდო წყაროდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აპირებს დამაბრალოს დანაშაული, რომელიც მე არ ჩამიდენია. კერძოდ, პროკურატურა ჩემთვის აპირებს, ჩამიდოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც მე არ მაქვს. ჩადება შეიძლება მოხდეს მეხსიერების ბარათით, შეიძლება CD დისკზე, შეიძლება კომპიუტერი წაიღონ და ჩაიწერონ, ან სულაც კომპიუტერში შეიძლება დისტანციურად ჩაწერონ ასეთი კადრები, ასეთი ტექნიკური საშუალება შესაძლებელია. აგრეთვე ცრუ მოწმეების გამოყენებით პროკურატურა აპირებს, თითქოსდა მე ეს მასალები მოვიპოვე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, არასოდეს არაფერი არ გადამიღია და არც არაფერი შემინახავს, მით უმეტეს. არ გამივრცელებია,” – ამბობს ვაჟა ლელუაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც კურიერს მიაწოდეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. დაკავებულებს ბრალად ზემოხსენებული მასალების გავრცელება არ ედებათ. პროკურატურის თქმით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში ბრალდებული 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. დაკავებულებს შორის არის ვაჟა ლელუაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი