კრემლი აქვეყნებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, ერდოღანი რუს კოლეგას წერს:
“ჩვენ არასდროს გვქონია სურვილი და წინასწარი განზრახვა, რომ ჩამოგვეგდო რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავი… კიდევ ერთხელ მინდა თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი რუსი მფრინავის ოჯახის მიმართ და ვამბობ: მაპატიეთ! მთელი გულით ვიზიარებ მათ მწუხარებას”.
ერდოღანი მწუხარებას გამოთქვამს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის აღდგენისთვის თურქეთსა და რუსეთს შორის.
რუსული თვითმფრინავი СУ-24, რომელიც სირიაში ახორციელებდა ოპერაციას, ჩამოგდებული იქნა 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის მიერ, რადგან თურქეთი ირწმუნებოდა, რომ რუსეთმა დაარღვია მათი საჰაერო სივრცე, რასაც უარყოფდა რუსეთი. მფრინავი ოლეგ პეშკოვი დაიღუპა, ხოლო მეორე მფრინავი გადარჩა.
მომხდარის გამო რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. კერძოდ, მან დაუწესა სავიზო რეჟიმი თურქეთის მოქალაქეებს და აამოქმედა შეზღუდვები თურქეთიდან იმპორტირებულ საქონელზე.
2015 წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთთან ურთიერთობის აღდგენისთვის უმაღლეს დონეზე უნდა მოეხადა ბოდიში ოფიციალურ ანკარას, აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი და დაედო დამნაშავის დასჯის პირობა.