ახალი ამბები

ლიონელ მესი არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს ტოვებს

27 ივნისი, 2016 • 1430
ლიონელ მესი არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს ტოვებს

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ჩილეს ნაკრებთან წაგებული სამხრეთ ამერიკის თასის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს და არგენტინის ნაკრების სახელით მატჩებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

“მე ყველანაირად შევეცადე, რომ გავმხდარიყავი ჩემპიონი არგენტინის ნაკრებთან ერთად, მაგრამ ეს არ მოხდა. მე ამისი გაკეთება ვერ შევძელი,” – განუცხადა ჟურნალისტებს 29 წლის ფეხბურთელმა თამაშის დასრულების შემდეგ.

მესიმ ფინალში პენალტი ვერ შეასრულა, რომელსაც თამაშის ბედი შეიძლებოდა გადაეწყვიტა. მატჩი საბოლოოდ ანგარიშით 4-2 ჩილეს სასარგებლოდ დასრულდა. ეს წაგებული ფინალი არგენტინის ნაკრებისათვის 23-ე დაკარგული ჯილდოა. ლიონელ მესი ნაკრებთან ერთად უკვე მეოთხე ფინალში დამარცხდა, აქედან ერთი გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან და 3 სამხრეთ ამერიკის თასის ფინალი- 2007, 2015 და 2016 წლებში.

ლიონელ მესი ნაკრებში 2008 წელს 18 წლის ასაკში მიიწვიეს. ამ დროის განმავლობაში ნაკრების მაისურით ხუთგზის Ballon d’Or-ის ჯილდოს მფლობელმა ფეხბურთელმა 112 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა, რაც არგენტინის ნაკრების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ESPN-ის ინფორმაციით, მესისთან ერთად ნაკრების დატოვებაზე ფიქრობს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის -სერხიო აგუერო, ხავიერ მაშერანო, გონსალო იგუაინი და ანხელ დიმარია, თუმცა თავად ფეხბურთელებს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებიათ.

მესის თანაგუნდელები და ნაკრების მწვრთნელი, ხერარდო მარტინო იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელმა განცხადება მძიმე მატჩის შემდეგ ნაჩქარევად გააკეთა და აზრს შეიცვლის. არგენტინა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას, რომელიც რუსეთში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი