ახალი ამბები

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა

26 ივნისი, 2016 • 2869
„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სიტყვით პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მან განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და მონაწილეობაზე გაამახვილა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენ შემართულ ახალგაზრდას ვხედავ და კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის ჩვენი პარტიისთვის, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალგაზრდების ერთიანობის მნიშვნელობაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ისაუბრა.

ვიცეპრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს ქვეყნის საუკეთესო, პროგრესული ნაწილი უწოდა. კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი კონსოლიდაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო იმ ტრაგედიის დროს ნათელი იმედის სხივი.

„ თქვენ, ჩვენი პარტიის ახალგაზრდები ხართ ის ძალა, ის საიმედო რესურსი, რაც მომავალში იქნება პოლიტიკური სპექტრის ფორმირების ერთ-ერთი ქვაკუთხედი. თქვენ ხართ მომავალი არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ იმ პოლიტიკური თანამედროვე სტილის, რაც ჩვენი საერთო მონდომებით ამ ქვეყანაში გახდება სტანდარტი და ჩაანაცვლებს გამარგინალებულ, ან წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკურ სეგმენტს. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ თანამედროვე, განათლებული, ევროპულად მოაზროვნე და მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმების მქონე საქართველოს პატრიოტები!“, – დასძინა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ნდობის გამოცხადებისთვის შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ევინ ინკისმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი