ახალი ამბები

თბილისში დაკავებული ბაიკერებიდან ერთს ბრალი პოლიციელზე ძალადობის მუხლით წარედგინა

25 ივნისი, 2016 • 1293
თბილისში დაკავებული ბაიკერებიდან ერთს ბრალი პოლიციელზე ძალადობის მუხლით წარედგინა

თბილისში დაკავებული ოთხი ბაიკერიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ერთ მათგანს კი 250-ლარიანი ჯარიმა დააეკისრა. მათ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდრღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიიცისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ედებოდათ.

წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალი სსკ-ის 353-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირზე ძალადობას ან მუქარას ითვალისწინებს. დამნაშავე ამ შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მსვლელობის დროს ბაიკერები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ვითარებაში პატრულის თანამშრომლების ჩართვა. რასაც შელაპარაკება და შემდეგ უკვე ბაიკერების მხრიდან ძალადობა მოჰყვა.

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ერთ ვიდეოში ჩანს პირი, რომელიც პოლიციელის უკან დგას, მას ქუდს ხდის და გარბის, რის შემდეგაც მას პატრულის ოფიცერი იარაღით მისდევს და მოუწოდებს, რომ გაჩერდეს. შსს-ში ამ ფაქტზე აცხადებენ, რომ პირმა პოლიციელს თავში დაარტყა და პოლიციელს უფლება ჰქონდა მას გაჰკიდებოდა.

24 მაისს თბილისში ოთხი ბაიკერი პოლიციამ მაშინ დააკვა, როდესაც ისინი რუსთაველის გამზირზე მოტომსვლელობას აწყობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი