ქუმსიშვილი: ლარი ერთჯერადად ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გამო გაუფასურდა

საქართველოს ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი გნავითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ განაპირობა. მინისტრი ამას ერთჯერად გავლენას უწოდებს და მოუწოდებს მოსახლეობას, ვალუტის გადახურდავების დროს უფრო გონივრულად იმოქმედონ:

“ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად, ეს აისახა ჩვენს ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. როგორც წესი, ისინი ყიდიან ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქით, ასევე ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, რომ მაშინ მოახდინოს ვალუტის გადახურდავება, ერთ მხარეს ან მეორე მხარეს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ ყველანაირი მოლოდინების გარეშე,” – აცხადებს ქუმსიშვილი.

ლარი ბოლო ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად უფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში. 25 ივნისს ეროვნული ბანკის კურსით, 1 აშშ დოლარი 2.2941 ლარი ღირს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი