ახალი ამბებიეკონომიკა

მაია გრიგოლია: ახლა ხდება ლარის „ჭარბი გამყარების“ დაკორექტირება და კურსის დაბალანსება

24 ივნისი, 2016 •
მაია გრიგოლია: ახლა ხდება ლარის „ჭარბი გამყარების“ დაკორექტირება და კურსის დაბალანსება

ეროვნული ვალუტა დღეს, 24 ივნისს ისევ გაუფასურდა და ეროვნული ბანკის კურსით, 1 აშშ დოლარი უკვე 2.2941 ლარი ღირს. ლარი ბოლო ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად უფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში.

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის, კვლევის მიმართულების დირექტორი მაია გრიგოლიას მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზისთვის აუცილებელია იმის გაანალიზება, თუ რის ხარჯზე გამყარდა რამდენიმე თვის წინ ეროვნული ვალუტა.

“მარტიდან მოყოლებული ლარი 17%-ზე მეტით გამყარდა და ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, იყო ის ფუნდამენტური საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებული მაჩვენებლები, რომელიც კურსის სტაბილურობას და სიდიდეს განსაზღვრავს გრძელვადიან პერიოდში. თუმცა, გარდა საგარეო ფაქტორებისა, მოკლევადიანი მერყეობის მიზეზად ასევე შეიძლება დავასახელოთ გადაჭარბებული ოპტიმისტური მოლოდინები.

საგარეო ფაქტორები, პირველი კვარტლის მდგომარეობით, ლარის გამყარებაზე მიუთითებდა. იანვარ-აპრილის მონაცემებით, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი 13%-ით (იმპორტირებული C ჰეპატიტის სამკურნალო წამლების ღირებულების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს საჩუქრად გადმოეცა). საერთაშორისო შემოსვლების დინამიკა მართლაც გაუმჯობესებულია. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მოთხოვნა ადგილობრივ ვალუტაზე გაიზარდა, რაც ლარის ღირებულების ზრდას უწყობს ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენ შევამცირეთ მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რაც უცხოურ ვალუტის გაუფასურებას უწყობს ხელს და შედეგად მივიღეთ გამყარებული ლარი”, – უთხრა ნეტგაზეთს მაია გრიგოლიამ.

მისივე შეფასებით, როდესაც ადამიანებმა დაინახეს, რომ ლარი გამყარებას იწყებდა, მათ ხელთ არსებული უცხოური ვალუტის გადაცვლა დაიწყეს ადგილობრივ ვალუტაში იმის შიშით, რომ მათ ხელთ არსებული დოლარი ღირებულებას დაკარგავა.

“ეს ქცევა კი მართლაც უწყობს ხელს დოლარის გაუფასურებას და შედეგად მივიღეთ „ჭარბი გამყარება“. რაც მიმდინარე პერიოდში ხდება, ეს  არის „ჭარბი გამყარების“ დაკორექტირება და კურსის დაბალანსება სავაჭრო პარტნიორების სავალუტო კურსებთან მიმართებაში.  ქრება „ჭარბი“ ნაწილი. თუ უახლოეს წარსულში გადატანილ ტურბულენტობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა თავი იჩინოს პესიმისტურმა მოლოდინებმა და შედეგად მივიღოთ „ჭარბი“ გაუფასურება. ასე რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმაც და ხელისუფლებამაც თანმიმდევრული და დამაჯერებელი განცხადებები გააკეთონ, რათა შექმნან სტაბილურობის შეგრძნება და შეასუსტონ პესიმისტური მოლოდინები”, – აცხადებს მაია გრიგოლია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა საგარეო ვაჭრობა, უცხოური გზავნილები, ტურისტების რაოდენობა და ა.შ. მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვნად არ მერყეობს და, შესაბამისად, არ უნდა იყოს ლარის კურსის ასეთი ძლიერი მერყეობის გამომწვევი, მაინც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მათი ტრენდები.

“მიმდინარე პერიოდის ლარის კურსზე მოქმედი გარე ფაქტორების სტატისტიკა გვეცოდინება მოგვიანებით და მხოლოდ მას შემდეგ იქნება მათი გავლენის ანალიზის გაკეთება შესაძლებელი”, – აცხადებს მაია გრიგოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი