ახალი ამბები

შოტლანდიის მთავრობის მეთაური: უმჯობესია, დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმი მეორედაც ჩავატაროთ

24 ივნისი, 2016 • 1313
შოტლანდიის მთავრობის მეთაური: უმჯობესია, დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმი მეორედაც ჩავატაროთ

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტურჯეონი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც შოტლანდიას, მისი მოსახლეობის უმეტესობის სურვილის მიუხედავად, უწევს ევროკავშირის დატოვება, უმჯობესია, რომ გაერთიანებული სამეფოს დატოვებაზე რეფერენდუმი მეორედაც ჩააატრონ.

BBC-ის ცნობით, 24 ივნისს ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე სტურჯეონმა განაცხადა, რომ შოტლანდიის საგანგებო კომისია, რომელიც კრიზისულ პერიოდში იკრიბება ხოლმე, დღეს საღამოს სხდომას გამართავს. პირველი მინისტრის თქმით, შოტლანდიის მთავრობა შაბათს შეიკრიბება, ხოლო სამშაბათს პარლამენტს მიმართავს.

23 ვნისს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, შოტლანდიაში მხარი დაუჭირეს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას 62%-მა 38%-ის წინააღმდეგ.

სტურჯეონის თქმით, შოტლანდიასა და დანარჩენ ბრიტანეთს შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობაა.

“მე ამაყი ვარ შოტლანდიით და იმ შედეგით, რაც მან დააფიქსირა გუშინდელ რეფერენდუმზე. დავამტკიცეთ, რომ ვართ თანამედროვე, ინკლუზიური და ინტეგრაციისთვის გახსნილი ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკაშირში ყოფნა”, – განაცხადა სტურჯეონმა.

მინდა ნათლად განვაცხადო, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ინგლისი, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან შოტლანდიის უახლოესი მეგობრები და მეზობლები, ამას ვერაფერი შეცვლის, ამბობს სტურჯეონი.

გაერთიანებულ სამეფოში 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმში 51.8%-მა ეროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა, დარჩენა კი 48,2%-ს სურს.

რეფერენდუმზე 71,8%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ასეთი მაღალი აქტივობა გაერთიანებულ სამეფოში 1992 წლის არჩევნების შემდეგ არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი