ახალი ამბები

ომბუდსმენი: სასამართლოს მიერ რ2-ისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება არ შეესაბამება კანონს

24 ივნისი, 2016 • 1165
ომბუდსმენი: სასამართლოს მიერ რ2-ისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება არ შეესაბამება კანონს

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება არ შეესაბამება კანონს,

დღეს, 24 ივნისს,  გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ეკონომიური მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო რაიმე ფინანსურ რესურსს სამოქალაქო დავებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩასაბარებლად არ გამოყოფს, გარდა ორი საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება ეგზავნებათ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებულ პირებსა და პატიმრობაში მყოფ იმ პირებს, რომლებსაც არ ყავთ წარმომადგენელი.

სწორედ ამ გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელობს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78–ე მუხლებით და აგზავნის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების სასამართლოს შეხედულებისამებრ გაფართოება კანონით გათვალისწინებული არ არის, აღნიშნავს სახალხო დამცველი. 

“სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ქმედება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–12 დღეს მხარისათვის მის გაგზავნასა და ჩაბარებას გულისხმობს, არ შეესაბამება კანონს”, – წერია განცხადებაში. 

სახალხო დამცველის აცხადებს, რომ დაუშვებელია სასამართლომ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით შექმნას შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა, ამოიკითხოს საკუთარი უფლებამოსილება კანონს მიღმა და გამოიყენოს ის სელექციურად და დაუსაბუთებლად. ომბუდსმენისთვის არაა ცნობილი ისეთი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ისე განმარტა და გამოიყენა კანონი, როგორც ამ განსახილველ საქმეში. 

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადრეულ ეტაპზე ჩაბარებულად მიჩნევა აზიანებს მათ იმ ინტერესს, რომელიც სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათსავე საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდება.

კანონში მითითებულ დროის შუალედში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა), სასამართლოს მზად უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილება, ხოლო მხარე თავად წყვეტს, როგორია მისი დაცვის სტრატეგია, პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოცხადდება სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად თუ არა, ვადის პირველივე დღეს წარადგენს საკასაციო საჩივარს თუ ბოლო დღეს. დაუშვებელია მხარის ამ არჩევანში სასამართლოს ჩარევა და მხარის ნების ჩანაცვლება სასამართლოს მიერ გამოხატული ნებით, აცხადებს ომბუდსმენი. 

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო შესაბამისი საკასაციო საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელებს კანონის ნორმებით და შესაბამის შეფასებას მისცემს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ ქმედებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი