ახალი ამბები

მარგველაშვილმა და კახიშვილმა ყოფილი მაღალჩინოსანი მსჯავრდებულების შესახებ ისაუბრეს

23 ივნისი, 2016 • 1420
მარგველაშვილმა და კახიშვილმა ყოფილი მაღალჩინოსანი მსჯავრდებულების შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს, 23 ივნისს, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებულების შესახებ ისაუბრეს.

იურიდიულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის საბაბი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება გახდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 45-მა წევრმა საქართველოს პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა. მიმართვის ავტორებს შორის არიან ყოფილი სამხედრო პილოტი, უკრაინელი ნადია სავჩენკო და ჰოლანდიელი პარლამენტარი პიტერ ომციგი, რომელიც ე.წ მაგნიტსკის სანქციების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია.

პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრისაგან მიიღო დეტალური ინფორმაცია, როგორ არის დაცული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით არსებობს მაღალი ინტერესი.

„პრეზიდენტმა სწორედ ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ უშუალოდ მინისტრისაგან მიეღო ინფორმაცია სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების შესახებ. პრეზიდენტმა მინისტრისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ადმინისტრაციის ცნობითვე, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, ყველა პატიმრის, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი