ახალი ამბები

პაატა შეშელიძე: რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ გამოიწვია ლარის გაუფასურება

23 ივნისი, 2016 • 1483
პაატა შეშელიძე: რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ გამოიწვია ლარის გაუფასურება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივნისისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.2240 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო – 2.5111 ლარი. უკანასკნელი 13 დღის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 10 თეთრითაა გაუფასურებული. 

“ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, ლარში შეემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი, რაც სინამდვილეში ნიშნავს, რომ გაზარდა ლარის მიწოდება ბაზარზე. ძირითადად, სწორედ ამის შედეგია ის, რომ კურსი დაეცა”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას პაატა შეშელიძე, “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი.

2016 წლის 15 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7.0%-მდე შეამცირა.  “რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, იმის შედეგი, ფაქტობრივად, უკვე გვაქვს – მაშინვე დაიწყო ლარის გაუფასურების პროცესი”, – ამბობს პაატა შეშელიძე.

ლარის კურსის ცვალებადობა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული: “ეს არის პერსონალური შეფასების, ხანდახან შეცდომის, ხანდახან არასწორი ხედვის შედეგი. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ეროვნული ბანკი, ჩაერევა ღია ბაზარზე ოპერაციებში, თუ არა, რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, თუ არა, არც წინა შემთხვევაში შეიძლებოდა ამის პროგნოზირება”, – ამბობს შეშელიძე.

“ამ შემცირებამ აშკარად გაზარდა ლარის მიწოდება და, რა თქმა უნდა, მოხდა მისი გაუფასურება იმიტომ, რომ შესაბამისი მოთხოვნა ბაზრის მხრიდან არ იყო. ეს იყო ხელოვნურად გაზრდილი მიწოდება. მონეტარულ პოლიტიკაში ასეთი მორგების მოდელი არასწორად მუშაობს, არღვევს მთელ ამ საბაზრო მოდელს”, – დასძენს იგი.

ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე.

“მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააგრძელოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რაც საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას გულისხმობს. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე და ზოგადად  ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის დინამიკაზე”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩემი რეკომენდაციით, ეროვნული ბანკი, თავისი მონეტარული პოლიტიკით, უნდა გაუქმდეს. ეს ინსტიტუტი არის მავნებელი ინსტიტუტი. ვნებს ეკონომიკის ჯანსაღ განვითარებას და ამიტომ სასწრაფოდ უნდა გავაუქმოთ”. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელსაც დაჟინებით ვიმეორებ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” პაატა შეშელიძემ, “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი