ახალი ამბები

როგორ მუშაობს “სასამართლოს მეგობარი” – ევროპის საბჭოს კონფერენცია თბილისში

24 ივნისი, 2016 • 2054
როგორ მუშაობს “სასამართლოს მეგობარი” – ევროპის საბჭოს კონფერენცია თბილისში

“სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი უნდა გახდეს ეფექტური არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკაშიც” – ამბობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა პოლიტიკისა და თანამშორმლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხაილ ლობოვი.

ეს განცხადება მან კონფერენციაზე “სასამართლოს მეგობარი: როგორც ეფექტური სახელმძღვანელო მექანიზმი ადამიანის უფლებათა საკითხებზე ეროვნული სასამართლოებისთვის” გააკეთა. კონფერენცია ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ არის ორგანიზებული და პროექტის “სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში ჩატრადა.

სასამართლოს მეგობარი არის სისხლის სამართლის პროცესში დაინტერესებული პირი, რომელიც ამ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, მაგრამ უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს ამ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი წერილობითი მოსაზრება წარუდგინოს. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. სასამართლო არ არის ვალდებული, რომ სასამართლოს მეგობრის არგუმენტაცია გაიზიაროს.

სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში 2010 წელს დაინერგა, საკონსტიტუციო სასამართლოში კი – 2009 წლიდან.

სახალხო დამცველის განცხადებით, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გამოყენებისას სასამართლო მეტ ინფორმაციას იღებს გადაწყვტილების მიღებისას და მოსამართლე უფრო მეტ წყაროს ეყრდნობა.  ასევე, იზრდება საზოგადოების ჩართულობა, რაც ზრდის სასამართლოს მიმართ ნდობას.

იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ომბუდსმენმა კონფერენციაზე წარმოადგინა, ირკვევა, რომ სახალხო დამცველის ოფისი სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ხშირად არ მიმართავს სასამართლოს, თუმცა სტატისტიკა მზარდია.

კერძოდ, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 2010 წელს სახალხო დამცველს არც ერთხელ არ მიუმართავს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. 2013 წელს მხოლოდ ერთხელ წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, 2014 წელს – 4 მოსაზრება წარადგინა, 2015 წელს – 10, ხოლო 2016 წლის 5 თვეში – 6 მოსაზრებით მიმართა სასამართლოს.

ერთ-ერთი საქმე, რომელსაც სახალხო დამცველის სასამარღთოს მეგობრის მოსაზრება შეეხო, ეხებოდა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეუსაბამობას გენდერულ იდენტობასთან და გარეგნობასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ორი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება აქვს წარდგენილი. ერთი – თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო მეორე -სააპელაციო სასამართლოში. ორივე საქმე მიმდინარეა და ჯერ არ არის ცნობილი, გაიზიარებს თუ არა სასამართლო ამ მოსაზრებას. 

სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა სხილაძემ ნეტგაზეთთან ამ მოსაზრების შინაარსის შესახებ ისაუბრა:

“სახალხო დამცველმა განიხილა როგორც ადგილობრივ პრაქტიკა, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, ექსპერტული მოსაზრებები და ის კვლევები, რაც ამ თემაზე ტარდება. ტრანსგენდერი ადამიანებისას ფუნდამენტური უფლებების განხორციელებისას, როგორიც არის დასაქმება, განათლების მიღება და სხვა, ეს არის ხელშემშლელი ბარიერი, რადგან მათი გარეგნობა და მათი იდენტობა არ შეესაბამება იმ სქესის ჩანაწერს, რაც მათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გააჩნიათ. მსოფლიო კვლევებიც ცხადყოფს, რომ მათ გაცილებით უადვილდებათ სხვადასხვა უფლებით თუ თავისუფლებით სარგებლობა მაშინ, როდესაც მათი სქესის ჩანაწერი მათ გენდერულ იდენტობას შეესაბამება,”- განაცხადა ეკა სხილაძემ.

რაც შეედება სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების გაზიარების პრაქტიკას, ომბუდსმენის მოადგილის, ნათია კაციტაძის განცხადებით, რთულია საუბარი სტატისტიკაზე, ვინაიდან მოსამართლეები საკუთარ გადაწყვეტილებებში არ აღნიშნავენ, რომ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება იყო წარდგენილი.

“ერთი შემთხვევა იყო, სადაც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით განიხილებოდა საქმე და ჩვენ წარვადგინეთ სტანდარტები, თუ დისკრიმინაციის საქმეები რა სტანდარტით უნდა განიხილოს სასამართლომ. იმ საქმეზე სასამართლომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და გადაწყვეტილებაც იყო ჩვენი არგუმენტების შესაბამისი. ასევე, მაგალითად, უცხოელებისათვის ქვეყანაში შემოსვლის უფლებასთან დაკავშირებით, ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეობის უფლების მიღების საქმეები, სადაც, როგორც წესი, უარყოფითი პასუხი ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და ეს მასალები არის საიდუმლო. ჩვენ რამდენიმე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გვაქვს წარდგენილი და ვამბობდით, რომ საერთო სასამართლოებმა უნდა გამოითხოვონ სრული ინფორმაცია ამ ორგანოებიდან, მათ შორის, საიდუმლო მასალები, სრულად ნახონ დეტალები. საბედნიეროდ, ადრე თუ სასამართლოები არ ითხოვდნენ ამ მასალებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პრაქტიკა შეცვალა და საერთო სასამართლოები, როგორც წესი, მსგავსი ტიპის საქმეებში ყველა საიდუმლო მასალას ითხოვენ,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ნათია კაციტაძე.

კონფერენციას საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელიც ესწრებოდა. მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, მათთან სხვადასხვა საქმეზე სასამართლოს მეგობრის ბევრი მოსაზრება არ შედის. იმ პრობლემებს შორის, რომლებსაც ლალი ფაფიაშვილის თქმით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებზე მუშაობას ახლავს თან, არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში მოსაზრების ავტორის “უჭირს ძირითადი ხაზის დაცვა და ხშირ შემთხვევაში, ხდება იდეების გაფანტვა”.

“ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები სცდება ფორმატს და უფრო მეტად ცდილობს მხარის პოზიციის დასაბუთებას ან საქმეში მონაწილე ცალკეული მხარის პოზიციის გაზიარებას,”- განაცხადა მან.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ნონა წოწორია, რომელმაც ისაუბრა, თუ როგორ მოქმედებს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი სტრასბურგის სასამართლოში.

ნონა წოწორიას  განცხადებით, მესამე მხარის კომენტარები მაქსიმუმ 10 გვერდი უნდა იყოს და არ უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ გარემოებებს.

მისივე თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ერთვება მესამე მხარედ – მაშინ, როდესაც საქმე ეხება გახმაურებულ საქმეს, ან როდესაც თავად სასამართლო იწვევს.

“როგორც წესი, სახელმწიფო ერთვება მესამე მხარედ, როდესაც გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სამართლებროვ სისტემაზე. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ლაუტსი იტალიის წინააღმდეგ, რაც სასკოლო ოთახებში ჯვარცმის განთავსებას ეხება. ამ საქმეში მესამე პირად 9 სახელმწიფო, ევროპარლამენტის 35 წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ,”- განაცხადა მან.

თუმცა ნონა წოწორიამ ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახელმწიფოს მესამე პირად მონაწილეობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მიერ კონკრეტული მუხლის დარღვის ცნობის შანსი იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი