ახალი ამბები

ქართული მხარე მღვდელმონაზონ იონას საკითხს გალის შეხვედრაზე დააყენებს

30 იანვარი, 2012 • • 1038
ქართული მხარე მღვდელმონაზონ იონას საკითხს გალის შეხვედრაზე დააყენებს

“სამწუხაროდ, დასტურდება აფხაზეთში მღვდელმონაზონ იონას გატაცების ფაქტი, თუმცა დეტალები, არც ჩვენთვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ცნობილი არ არის. სამწუხაროდ, ამ ადგილებიდან ჩვენ ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვების წყაროები შეზღუდული გვაქვს,” – აღნიშნა დღეს, 30 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ.

მისივე განცხადებით, 31 იანვარს გალში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის მორიგი შეხვედრა იგეგმება და  ქართული მხარე ამ სკითხს შესაბამისი სიმკაცრით და პრინციპულობით დააყენებს.

“ეს ვანდალური აქტია, რომელიც არის, ფაქტიურად, კრიმინალური გამოვლინება და იგი, ფაქტიურად, განპირობებულია სწორედ ამ რეგიონებისა და ამ ადგილის მიმდინარე სტატუსით, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორია, სადაც განუკითხაობა და უკანონობა ყოველდღიური ფაქტორია,” – აცხადებს ჯალაღანია.

მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე) აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, მღვდელმონაზონი აფხაზეთში გაიტაცეს და გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 100 ათას დოლარს ითხოვენ. მღვდელმონაზონი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ილორის ტაძრისთვის ფოტოსურათების გადაღებას ცდილობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი