ახალი ამბები

საგარეო უწყება ჯიოევას განცხადებებს გამოეხმაურა

30 იანვარი, 2012 • • 1165
საგარეო უწყება ჯიოევას განცხადებებს გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ესკალაცია და სამოქალაქო ომი დამაფიქრებელი და უსიამოვნო იქნება.

“ნებისმიერი ესკალაცია ჩვენს ტერიტორიაზე დამაფიქრებელია და არასასიამოვნოა. თუმცა ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რეალობას პრინციპულად არ ცვლის. ისე კი იმედს ვიტოვებთ, რომ ეს, პირველ რიგში, არ მოხდება და, რა თქმა უნდა, ყველა იმ მექანიზმებით, საერთაშორისო ჩართულობით, რომელიც ამჟამად დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან და უსაფრთხოების საკითხებთან, ჩვენ ვეცდებით, რაც ძალა და შესაძლებლობა გაგვაჩნია, ზემოქმედება მოხდეს. ჩვენ პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა არ გვაქვს,” – აღნიშნა ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, ე.წ არჩევნების თემა საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ეს არის ფაქტიურად ამ კლანთა შორის დაპირისპირების საკითხი, რომლებსაც სურთ ადგილზე ლიდერობის გადანაწილება.

“მე არ მგონია, ერთი და იგივე ცენტრიდან მართულ ორ შტოს შორის ისე დაიძაბოს ურთიერთობა, თუკი ოკუპანტ ძალას თვითონვე არ აწყობს, მის მიერ აღიარებულ ე.წ ოკუპირებულ ქვეყანაში სიტუაციის მეტად არევა,” – განაცხადა ჯალაღანიამ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა, ალა ჯიოევამ არ გამორიცხა არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო ომის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, ე.წ სამხრეთ ოსეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არშემდგარად გამოაცხადა და გამარჯვებულ კანდიდატს, ალა ჯიოევას, მისი მომხრეების მიერ ჩადენილი დარღვევების გამო ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი