ახალი ამბები

ნატა ნაზღაიძე რუსთავი 2-ის საქმეზე: არ მაქვს უფლება, თორემ დიდი სიამოვნებით მოგცემდით განმარტებას

22 ივნისი, 2016 • 1944
ნატა ნაზღაიძე რუსთავი 2-ის საქმეზე: არ მაქვს უფლება, თორემ დიდი სიამოვნებით მოგცემდით განმარტებას

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, ნატა ნაზღაიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მას არ აქვს უფლება, კონკრეტულ საქმეზე კომენტარი გააკეთოს.

დღეს, 22 იანვარს, რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ მათ სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება საპროცესო კანონონმდებლობის დარღვევით, 12 დღეში ჩააბარა. გვარამია ამას რუსთავი 2-ის შტურმით აღების მცდელობად აფასებს.

ნეტგაზეთს სურდა გაერკვია, თუ რატომ გაუგზავნა სასამართლომ 12 დღეში გადაწყვეტილება მხარეებს.

“მე უბრალოდ არ მაქვს ამის უფლება, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით მოგცემდით განმარტებას. ამის უფლებას არ მაძლევს კანონი, ხომ ხვდებით? ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერ გიპასუხებთ ვერანაირ კითხვაზე. ამაზე ალბათ გააკეთებენ განცხადებას. დიდი სიამოვნებით გაგცემდით პასუხს ძალიან დასაბუთებულად,”- განაცხადა ნატა ნაზღაიძემ სატელეფონო საუბრისას.

მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომელშიც ვკითხულობთ:

“თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით”.

რაც შეეხება ხსენებულ 46-ე მუხლს იქ ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიები:

ა) მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

ბ) მოსარჩელეები – დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;

გ) მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე;

დ) მხარეები – უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

ვ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;

ზ) მხარეები – წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას ;

თ) მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

ი) მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.

“ძალიან მნიშვნეოვანი ნაბიჯი გადადგა ჩვენს წინააღმდეგ, რითიც საბოლოო დადასტურდა, რომ ის, რაც სასამართლოში ხდება, ფიქციაა და სინამდვილეში ეს არის რუსთავი 2-ის შტურმით აღების მცდელობა”, – ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს ქმედებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს. ის ასევე მიმართავს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. გვარამიას თქმით, ის ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს პოზიციის დაფიქსირებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი