ახალი ამბები

მერიის ახალი განცხადება გუდიაშვილის სკვერის შესახებ

30 იანვარი, 2012 • 1289
მერიის ახალი განცხადება გუდიაშვილის სკვერის შესახებ

თბილისის მერია გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დღეს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“მერიას არ გაუსხვისებია და არ მოხდება აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება”, – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ასევე წერია, რომ გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობა–ნაგებობები დღევანდელი მდგომარეობით თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაა, შესაბამისად, მოედანზე ვერანაირი სამუშაო, მათ შორის შენობებისთვის  იერსახის თვითნებურად შეცვლა და დემონტაჟი მათი ნებართვის გარეშე ვერ განხორციელდება.

მერია ასევე აცხადებს, რომ მათთვის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება პრიორიტეტულია, ამიტომ მხოლოდ შენობების “კონსტრუქციული გამაგრება და ფასადების რესტავრაცია” იგეგმება:

ამჟამად საინვესტიციო კომპანია შენობების სარესტავრაციო და გამაგრების პროექტებზე მუშაობს. თითოეული მათგანი წარმოდგენილი იქნება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივ მეთოდოლოგიურ საბჭოზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ ზონაში ნებისმიერი სამუშაოების განხორციელების შესახებ“.  მერია აცხადებს, რომ  პროექტის განხილვა საჯარო იქნება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. მხოლოდ და მხოლოდ პროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს “ირაო მაგნატ გუდიაშვილი” ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

“შენობანაგებობები ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს’’ საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულყოფილად შეასრულებს და გადაიხდის უძრავი ქონების ღირებულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუდიაშვილის ქუჩაზე მულტიფუნქციური პროექტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. პროექტის კონკურსში ავსტრიული კომპანიის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია worldarchitecturenews.com–მა გაავრცელა. გუდიაშვილის მოედნის პროექტის რამდენიმე ფოტომ, რომელიც worldarchitecturenews.com -მა გამოაქვეყნა, თბილისის ისტორიული იერსახის შეანარჩუნებით დაინტერესებული მოქალაქეების და სპეციალისტების აღშფოთება გამოიწვია. გუდიაშვილის სკვერის დასაცავად მშვიდობიანი აქცია უკვე რამდენჯერმე გაიმართა.



 


მასალების გადაბეჭდვის წესი