ახალი ამბები

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტთა ბრალდებებს პასუხობს

29 იანვარი, 2012 • 1594
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტთა ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი და სამართლის კათედრის სრული პროფესორი, ქეთევან ქოქრაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში სტუდენტთა ნაწილის ბრალდებების შესახებ საუბრობს.

ქალბატონო ქეთევან, რამდენიმე დღის წინ ტექიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა უნივერსიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს პროტესტი გამოუცხადა. მათივე განმარტებით, გაცემული პრემიების ადრესატების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციამ მათ არ მიაწოდა. ვის გადაეცა ეს პრემიები?

რომელ საიდუმლოებაზეა საუბარი, ვერ ვხვდები. უკვე მეექვსე წელია, ყოველი წლის ბოლოს, 29-30 დეკემბერს, საახალწლო პრემიები გაიცემა ხოლმე, მასწავლებელ- პროფესორებზე და ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე. წელსაც გარეკვეული თანხის ნაშთიდან გაიცა. თუმცა ეს არ არის, სამწუხაროდ, ერთი თვის ხელფასის ოდენობის ტოლფასიც კი. მინიმალური პრემიის ოდენობა ხელფასის 40 %-ს შეადგენდა. პრემიის სახით გაიცა ასევე ხელფასების  50- 70 %. ყველა ეს პრემია გაიცემა შესაბამისი ბრძანებით. 

პრემიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წარმომადგენლობითი საბჭო, სენატი იღებს.

რაც შეეხება უნივერსიტეტის რეკლამას, რომლისთვისაც ბიუჯეტის მიხდვით 42 280 ლარი დაიხარჯა… სტუდენტთა ნაწილის თქმით, მათ არ იციან, სად განთავსდა ეს რეკლამები.

როდესაც დგება ბიუჯეტი, საბოლოოდ იგივე ციფრები არ არისახება ბიუჯეტში. ბიუჯეტი შედგა 2010 წლის 28 დეკემბერს, ხოლო კორექტირებული უახლოეს დღეებში განთავსდება.

უამრავი საკითხი ექვემდებარება ტენდერს, რომელიც ფასის ცვლას გულისხმობს. როგორც წესი, ფასები ამ დროს მცირდება. ამიტომ ცხადია, მთლიანად ეს გაწერილი თანხა არ დახარჯულა რეკლამაზე. ზოგადად კი, როდესაც ყველა უმაღლესი სასწავლებელი ემზადება გამოცდებისთვის, როდესაც აბიტურიენტები ავსებენ აპლიკაციებს, ცხადია, ჩვენი უნივერსიტეტის სარეკლამო რგოლებიც გადის ტელევიზიით და რადიოთი. გარდა მისა, იბეჭდება ბუკლეტები, სხვადასხვა ღონისძიებისთვის ბანერები და ა.შ.

ზოგიერთმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ საკურსო ნაშრომის ერთი გვერდის ამობეჭდვა უნივერსიტეტში ერთი ლარი უჯდებათ, მაშინ, როდესაც საკანცელარიო ხარჯებზეც ბიუჯეტიდან მცირე თანხები არ იხარჯება.

იქ არის გაიჯარებული ფართები, სადაც არიან ინდმეწარმეები და ჩვენს სეგმენტში შემომავალი არ არის. ეს ჩვეულებრივი მომენტია, რა თქმა უნდა, აქსეროქსებ ან ბეჭდავ, როდესაც გჭირდება, უნივერსიტეტი ყველაფერში ვერ მოგემსახურება.

სტუდენტების თქმითვე, მათ არ უნახავთ ავტომობილები, რომლებიც, ბიუჯეტის მიხედვით, 140 ათას ლარად უნივერსიტეტმა შეიძინა.

ეს თანხა ჩადებული იყო ბიუჯეტში რაფის სტილის ავტომობილების ყიდვაზე, ვინდაიდან უნივერსიტეტს ჰყავს ერთი ასეთი მოძველებული ავტომანქანა, რომლითაც ძირითდად ჩვენი სპორტსმენები ქალაქიდან გასვლის დროს სარგებლობენ. თუმცა ის უკვე მოძველებული და ამორტიზებულია. ამიტომ იძულებული ვართ, ვიქირაოთ, როდესაც ამის საჭიროებაა და, შესაბამისად, ფულის გადახდა გვიწევს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ორი რაფის სტილის მანქანა გვეყიდა. ერთი სტუდენტებისთვის და მეორე, პროფესორ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც რეგიონებში უწევთ გასვლები. თუმცა წარმომადგენლობითმა საბჭომ საბოლოოდ, ამ წელს, მათ ყიდვაზე უარი თქვა და ეს რესურსი სხვა საჭიროებებიდან გამომდინარე გამოიყენა. გვინდა, 2012 წელს მაინც ვიყიდოთ ეს ავტომობილები.

კონკრეტულად რაში დაიხარჯა 2011 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის საბიუჯეტო რესურსი, დოკუმენტის სახით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ნეტგაზეთს უახლოეს დღეებში მოგვაწვდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი