საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სომხეთის საზღვარზე დავით გერლიანი დააკავეს.
მინისტრის თქმით, შსს-მ სამძებრო ღონისძიებები 19 ივნისს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მათ შეგნებულად არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, რათა გამოძიების ინტერესები არ დაზიანებულიყო.
მინისტრის თქმით, გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს და თან აღმოუჩინეს მის სახელზე გაცემული უკრაინის პასპორტი.
მღებრიშვილი ამბობს, რომ პირი დაკავებულია და ბრალს 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.
შს მინისტრის განმარტებით, გამოძიებას საფუძლად დაედო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერლიანი საქართველოში იმყოფებოდა.
მინისტრმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ დააკავეს გერლიანი აეროპორტშივე.
გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ გაჩნდა კითხვები, თუ რატომ არ მიაწოდეს წინასწარ ინფორმაცია ქართულ მხარეს უკრაინელმა კოლეგებმა, თუკი გერლიანის დეპორტაცია მოახდინეს უკრაინიდან, და რატომ არ ჩამოართვეს პასპორტი, თუ ი იგი არ იყო ავთენტური. ამ საკითხების შესახებ გამოძიებამ ოფიციალური წერილით მიმართა უკრაინის შსს-ს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გივი თარგამაძემ 19 ივნისს განაცხადა, დავით გერლიანი ოდესიდან საქართველოში 18 ივნისს დაადეპორტეს, თუმცა იგი თბილისის აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს დილით ამ საკითხზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: “სოჩაშია და ირუჯება. 2 საათზე იქნება ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, გეპატიჟებით და მობრძანდით, იქ გაიგებთ ყველაფერს დეტალურად,”- განაცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გივი თარგამაძის ინფორმაციით, დავით გერლიანმა ისე მოახერხა თვითმფრინავისა და აეროპორტის დატოვება, რომ იგი არც შეუფერხებიათ. თარგამაძის თქმით, გერლიანი დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.