ახალი ამბები

შსს-ს საკადრო პოლიტიკის ხარვეზები

21 ივნისი, 2016 • 2334
შსს-ს საკადრო პოლიტიკის ხარვეზები

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებულ დოკუმენტში გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული რამდენიმე “მნიშვნელოვან ხარვეზი”: კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანებები, მათ შორის თანამშრომელთა აყვანა/გათავისუფლების, მათი დაწინაურების და დაქვეითების ნაწილში, რაც, EMC-ის შეფასებით, არაერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარების საფრთხეს ქმნის.

EMC-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეს, რომლის თვისებები, განათლება და ფიზიკური მომზადება შეესაბამება საპოლიციო ფუნქციებს და გაივლის სამინისტროში მიღების შემდეგ პროცედურებსა და ეტაპებს:

saqme

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მკვლევარი, გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქის მიღების დანარჩენი ეტაპები ნათელია, “სამსახურებრივი შემოწმება საკმაოდ ბუნდოვანია”. იმნაძე ამბობს: “კვლევის განმავლობაში ვერ ვნახეთ ვერც ერთ აქტში, თუ რა პრინციპს ემყარება “სპეციალური შემოწმება” და როგორ ხორციელდება ის. სინამდვილეში კი ამ “სპეციალურ შემოწმებას” შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს კანდიდატზე და ის სამსახურში არ აიყვანონ”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ოქროპირიძე ამბობს, რომ სპეციალურ შემოწმებას საქართველოში ატარებს პრაქტიკულად ყველა სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო: “შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ში) კი ეს უფრო ფუნდამენტურად ტარდება”. ოქროპირიძის თქმით, შემოწმების მიზანია, დადგინდეს, არის თუ არა კანდიდატი საეჭვო რეპუტაციის, მოსალოდნელია თუ არა მისგან დანაშაულის დაშვება, ხომ არ არის იგი ალკოჰოლზე დამოკიდებული და ა.შ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ორგანიზებული დისკუსია თემაზე - “საკადრო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში: გამოწვევები და სამომავლო რეფორმები”. 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ორგანიზებულ დისკუსიას (“საკადრო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში: გამოწვევები და სამომავლო რეფორმები”) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

შეიძლება სპეციალური შემოწმების მარეგულირებელი კანონმდებლობა განისაზღვროს, თუმცა, მისი თქმით, “ღია ნაწილთან ერთად უნდა იყოს დახურული ნაწილიც”. არგუმენტად ოქროპირიძემ საკუთარი გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ ყველგან, სადაც ვყოფილვარ, სპეციალურ შემოწმებას ატარებენო. მან იტალია მოიყვანა მაგალითად, სადაც, მისი თქმით, მაფიასთან ბრძოლის სამსახურში მუშაობის კანდიდატებს მკაცრად ამოწმებენ: “ხალხი დადის არქივებში,  მაფიასთან ხომ არ ჰქონდა კავშირი მის წინაპარს, რათა პოლიციაში არ მოხვდნენ ასეთი პირები”, – თქვა ოქროპირიძემ.

“სამსახურში აყვანის წინ სპეციალურ შემოწმებას შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი, მით უმეტეს, სამართალდამცავ სისტემაში და ისეთ სამსახურებში, სადაც მოსამსახურეებს შეხება აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან ან ოპერატიულ საქმიანობასთან. მაგრამ ეს შემოწმებებიც მინიმალური გამჭვირვალობის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა ქმნიდეს მინიმალურ წარმოდგენებს, თუ რა ღონისძიებებს ემყარება ეს შემოწმება. ადამიანს, რომელიც არის დასაქმების პრეტენდენტი, მინიმალურად მაინც უნდა დაუსაბუთონ, რა ინფორმაცია გაირკვა ამ სპეციალური შემოწმებით და ამ ინფორმაციიდან რომელია ის, რის საფუძველზეც დასაქმებაზე უარს ეუბნებიან”, – უთხრა გურამ იმნაძემ “ნეტგაზეთს”.

EMC-ის საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრს (ან მის მიერ უფლებამოსილ სხვა პირს) ერთპიროვნულად შეუძლია პირის თანხმობით მისი მიღება სამინისტროში, იმის მიუხედავად, აკმაყოფილებს თუ არა მისი ჯანმრთელობა მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს, შეგნებულად დამალა თუ არა მან სამსახურში მიღების პროცესში მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა;

არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის, მათი შეფასებით, “ზედმეტად ფართო კომპეტენციას” საკადრო პოლიტიკის განხორციელებისას. ანგარიშის მიხედვით, შსს მინისტრს შეუძლია:

  • ექსკლუზიურად მიიღოს თანამშრომლის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება ისე, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდეს სავალდებულო სასწავლო კურსები გავლილი;
  • პროფესიული შეფასების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღოს თანამშრომლის თანამდებობრივი თუ სამსახურებრივი გადაადგილების, დაწინაურებისა და დაქვეითების შესახებ გადაწყვეტილება;
  • მიიღოს თანამშრომლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, გადაწყვეტილება.

გურამ იმნაძის შეფასებით, შსს ექვემდებარება იერარქიულობის პრინციპს, სათავეში კი შს მინისტრია – პოლიტიკური თანამდებობის ფიგურა. სწორედ მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი იღებს პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას. EMC-ის შეფასებით, “ამ შემთხვევაშიც პრობლემას წარმოადგენს პროცედურული ბუნდოვანებები: არ არის დაკონკრეტებული, სამსახურებრივი შეუთავსებლობის დროს დისციპლინური პროცედურით ხდება თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ პირდაპირ მინისტრი იღებს ამაზე გადაწყვეტილებას”.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მკვლევარი, საბა ბუაძე, იხსენებს, რომ IDFI-მ ჩაატარა კვლევა საჯარო დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ (2014 წლის მონაცემები). საბა ბუაძის თქმით, ამ სტატისტიკაში ძალიან დიდი ნაწილი (15%) ეკავა შსს-ს. “ეს არის 1113 ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე”, - თქვა ბუაძემ. 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მკვლევარი, საბა ბუაძე, იხსენებს, რომ IDFI-მ ჩაატარა კვლევა საჯარო დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ (2014 წლის მონაცემები). საბა ბუაძის თქმით, ამ სტატისტიკაში ძალიან დიდი ნაწილი (15%) ეკავა შსს-ს. “ეს არის 1113 ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე”, – თქვა ბუაძემ. 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

შინაგან საქმეთა სამინისტროს  იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ოქროპირიძე ამბობს, რომ ამ საკითხს “მხოლოდ მინისტრი არ წყვეტს”. მისი თქმით, მინისტრამდე მიდის დამუშავებული საკითხი, რომელიც ჯერ გადის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, შემდეგ ეკონომიკურ დეპარტამენტთან თანხმდება, შემდეგ ბრუნდება იმ დანაყოფში, სადაც მუშაობს თანამშრომელი, რომლის საკითხიც განიხილება.

“სხვა შემთხვევებში, როდესაც სახეზეა კადრების რაოდენობის შემცირება ან კონკრეტული სამსახურის გაუქმება, აქაც ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით ხდება კონკრეტულ თანამშრომელთა გადარჩევა/დათხოვნა და რამდენად ხდება ამ პროცესში პროფესიული კრიტერიუმების გათვალისწინება”, – აღნიშნულია EMC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა 21 ივნისის შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამინისტროში მუშაობენ დებულებაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება სამოქალაქო და საპოლიციო სამსახურების გამიჯვნა.

“დღეს ბევრი ტენდენცია არსებობს მსოფლიოში, რომ საპოლიციო სამსახურები ნაკლებად არიან გასამხედროებული ბუნების და უფრო მეტად არიან სამოქალაქო ბუნების, მათ შორის საპოლიციო ფუნქციების შემსრულებელი ორგანოებიც. ის, რომ სამინისტრო შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად- სამოქალაქო ოფისი და პოლიციური, შეიძლება იყოს კარგი. მაგრამ თუკი საპოლიციო ოფისში აღმოჩნდება ძალიან ბევრი ორგანო, შეიძლება პრობლემებმა იჩინოს თავი. საინტერესოა, როგორ დარეგულირდება ეს საპოლიციო ორგანოები, თუკი მათი შიდა მარეგულირებელი საკადრო პოლიტიკა არ იქნება საკმარისად გამჭვირვალე. ასეთ შემთხვევაში, ასეთ დაყოფას დადებითზე მეტად უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს”, – უთხრა გურამ იმნაძემ “ნეტგაზეთს”.

გურამ იმნაძის (ფოტოზე მარჯვნივ) აზრით, “გამიჯნული უნდა იყოს ტიტულები და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესები”. 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

EMC-ის მკვლევრის, გურამ იმნაძის (ფოტოზე მარჯვნივ) აზრით, “გამიჯნული უნდა იყოს ტიტულები და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესები”. 21.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

EMC-ში მიიჩნევენ, რომ პოლიციის სისტემის დეპოლიტიზების და ყოველდღიურ საქმიანობაში თითოეული თანამშრომლის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა ვერ მიიღწევა მხოლოდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის – როგორც ზოგადი და სავალდებულოდ მოქმედი პრინციპის კანონის დონეზე განმტკიცებით: “ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია თანამშრომელთა სამსახურში აყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზასთან, თანამშრომელთა დისციპლინირებისა და წახალისების პროცედურებთან, ამ პროცედურების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობის ხარისხთან”, – ვკითხულობთ კვლევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი