ახალი ამბები

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

21 ივნისი, 2016 • 1365
მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

პრესრელიზში, რომელიც სასამარლომ ამ გადაწყვეტილბასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ ასევე გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევას მაშინ, როდესაც ქუთაისის სასამართლომ არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა სასამართლომ ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”.

ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ მომჩივან მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა: მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო, რასაც ემატება ყველა შესაბამისი გადასახადი; 8 ათასი ევრო ყველა ხარჯის დასაფარად.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის მიერ გასაჩივრებული რამდენიმე მუხლი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი