ახალი ამბები

როდის შეძლებენ ნაფიცი მსაჯულები ყველა კრიმინალური საქმის განსჯას? – მთავრობა ისევ გადავადებას ითხოვს

21 ივნისი, 2016 •
როდის შეძლებენ ნაფიცი მსაჯულები ყველა კრიმინალური საქმის განსჯას? – მთავრობა ისევ გადავადებას ითხოვს

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით ქვეყანაში იზრდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რაოდენობა და ის მუხლები, რომლებსაც ეს სასამართლო განიხილავს. ამასთან, პროექტი ნაფიც მსაჯულთა განსჯადობისთვის სისხლის სამართლის ყველა საქმის დაქვემდებარების კიდევ ერთხელ გადავადებას ითვალისწინებს.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები,  თბილისისა და ქუთაისის სასამართლოების გარდა, იქმნება ბათუმის და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში.

კანონპროექტის თანახმად, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, თუ შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.

ინიციატივა ეხება სასამართლო სხდომის მედიით გაშუქების ნაწილსაც. კერძოდ, თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან საქმისადმი კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხიველი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ამ კოდექსის 211 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა სასამართლოში.“.

ინიციატივის მიხედვით, ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო, ნაფიცი მსაჯულების თანხმობით, უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებლის ან დროებითი განთავსების ადგილიდან სასამართლომდე და უკან.

პროექტის მიხედვით, ვიწროვდება ნაფიც მსაჯულად არჩევის კრიტერიუმები. კერძოდ, პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და: იგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია;  იგი სამხედრო მოსამსახურეა;  იგი სასულიერო პირია;  იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;  იგი ბრალდებულია; იგი ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია და აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები;  იგი ნასამართლევია.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ნაფიცი მსაჯულის აცილების მექანიზმიც. მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ შუამდგომლობა, რომელიც შეიძლება იყოს დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი. მხარეს უფლება აქვს დააყენოს განუსაზღვრელი რაოდენობის დასაბუთებული და განსაზღვრული რაოდენობის დაუსაბუთებელი აცილება. პირველად მხარეები აყენებენ შუამდგომლობებს დასაბუთებული აცილების, ხოლო, ამის შემდეგ – დაუსაბუთებელი აცილების შესახებ. თითოეული სახის აცილების უფლებას მხარეები ახორციელებენ სათითაოდ და მორიგეობით, ჯერ ბრალდების მხარე და შემდეგ დაცვის მხარე. ხოლო ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ თვითაცილების შესახებ დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს ცალკე, მხოლოდ პროკურორისა და ადვოკატის მონაწილეობით.

ცვლილებების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) [განზრახ მკვლელობა ] და 109-ე (დამთავრებული)მუხლებით [განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში] . ასევე,  117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 ნაწილებით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება], 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით [ძალადობა], 135 პრიმა მუხლით [ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა], 143-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით [თავისუფლების უკანონო აღკვეთა], 143 პრიმა [ადამიანით ვაჭრობა] და 143 სეკუნდა [არასრულწლოვნით ვაჭრობა] მუხლებით, 143 ტერცია მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით [ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა].  144-ე მუხლი [მძევლად ხელში ჩაგდება], 144 პრიმა [წამება] და 144 სეკუნდა [წამების მუქარა]მუხლებით, ასევე  144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით [დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა] , 146-ე მუხლის მეორე ნაწილით [უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში], 147-ე მუხლით [განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება], 149-ე მუხლით [უკანონო მოთავსება ან დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში], 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით [ფალსიფიკაცია], 198-ე მუხლის მესამე ნაწილით [ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია], 229-ე მუხლით [აფეთქება].

თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილებების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილებები მომდევნო 8 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან, გადაწყვეტილებები მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისაგან, გადაწყვეტილებები მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 9 ნაფიცი მსაჯულისაგან, გადაწყვეტილებები მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 8 ნაფიცი მსაჯულისაგან, გადაწყვეტილებები მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან, გადაწყვეტილებები მიიღება 4 ხმით.

ცვლილებები შედის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლშიც. კანონპროექტის ამ ნაწილის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე [მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით] და 114-ე [მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით] მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ამასთან,  2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

კანონპროექტის თანახმად, 330-ე მუხლში ინიცირებული ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, ხოლო დანარჩენი ნაწილის ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მთავრობა ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გადავადებას ითხოვს. 2014 წლის 18 სექტემბერს პარლამენტმა ნაფიც მსაჯულთა განსჯადობისთვის სისხლის სამართლის ყველა საქმის დაქვემდებარების გადავადებას მხარი დაუჭირა. იმ დროს მოქმედი კანონის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას უნდა დაქვემდებარებოდა სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელიც სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებს.  მხარდაჭერილი კანონპროექტით  კი ამ წესის ამოქმედება 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა.

ახალი კანონპროექტის თანახმად,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს და არა ყველა იმ საქმეს, რომელიც სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებს.

“ცვლილებების მიზანია  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა,”- აღნიშნულია კანონპროექტის განამრტებით ბარათში.

დღეს, 21 ივნისს კანონპროექტი განიხილა და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა. კანონპროექტს დღესვე განიხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი