ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში ამნისტირებული მარეკ დუდაევი ცხინვალის პოლიციამ დააკავა

20 ივნისი, 2016 • 1498
თბილისში ამნისტირებული მარეკ დუდაევი ცხინვალის პოლიციამ დააკავა

მარეკ დუდაევი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წელს გაათავისუფლა, ნეტგაზეთის ინფორმაციით, გუშინ, 19 ივნისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ახალგორის რაიონში დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

კონკრეტულად რა ბრალდებით არის დაკავებული მარეკ დუდაევი, უცნობია, თუმცა მის დაკავებას, როგორც ნეტგაზეთისთვის გახდა ცნობილი, ფულის გამოძალვა და ადამიანის ცემა უძღოდა წინ.

ოფიციალური ინფორმაცია მარეკ დუდაევის დაკავებაზე ცხინვალის შესაბამის უწყებებს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

მარეკ დუდაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2005 წელს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული ამნისტია შეეხო და სასჯელი 10 წლით შეუმცირდა.

ცხინვალში მცხოვრები მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. სამართალდამცავების განცხადებითვე, ის ”კრიმინალური ავტორიტეტი” იყო.

მარეკ დუდაევი ბრალს არ აღიარებდა და მის დაკავებას ქართული მხარის პრვოკაციად აფასებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი