ახალი ამბები

რის საფუძველზე გათავისუფლდა მარეკ დუდაევი

8 ივნისი, 2013 •
რის საფუძველზე გათავისუფლდა მარეკ დუდაევი

“59–ე მუხლში შევიდა ცვლილება და ამან გამოიწვია შუამდგომობის აღძვრის საფუძველი. ახლად გამოვლენილი გარემოებაა ეს, როდესაც კანონი უმსუბუქებს მსჯავრდებულს სასჯელს. სასამართლომ განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა და გაათავისუფლა იგი. შუამდგომლობით სასამართლოს მხარემ, მსჯავრდებულმა მიმართა”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ადვოკატმა ნათია სირაძემ. 

 

მისივე თქმით, მარეკ დუდაევს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული ამნისტია შეეხო და მას სასჯელი 10 წლით შეუმცირა. მერეკ დუდაევმა 9 წელი გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა უზენაეს სასამართლოს, რომლის პრესსამსახურის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობდა დანაშაულთა შეკრებითობას, შეიცვალა სასჯელთა შთანთქმის პრინციპით და შედეგად, აპელაციამ დუდაევი გაანთავისუფლა. 

 

“მას ჰქონდა სასჯელი 13 წელი და 5 თვე, აქედან დარჩენილი ჰქონდა 4 წელი, 5 თვე და 27 დღე. ვინაიდან პატიმარს მოხდილი ჰქონდა შეფარდებული, ამიტომ გათავისუფლდა საპატიმრო ადგილიდან. 2004 წლის 16 მარტიდან ითვლებოდა მისი სასჯელის ვადა”

 

ცხინვალში მცხოვრები მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლომ დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. მისთვის დაკისრებული სასჯელი უცვლელი დატოვა საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციამ. სამართალდამცავების განცხადებითვე, ის ”კრიმინალური ავტორიტეტი” იყო.

 

მარეკ დუდაევი ბრალს არ აღიარებდა და მის დაკავებას ქართული მხარის პრვოკაციად აფასებდა. როგორც civil.ge წერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2005 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მარეკ დუდაევის ძმა ერიკი, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში მსახურობს, ასევე კრიმინალური ავტორიტეტია და იგი ადამიანთა გატაცებებში, ფულის გამოძალვაში და სხვა კრიმინალურ საქმიანობაშია ჩართული.

 

მარეკ დუდაევის დაპატიმრებაზე საგამოძიებო ფილმი მისი დაკავების შემდეგ მოამზადა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, სადაც საუბარი იყო მარეკ დუდაევის საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე.

 

საქმეში არსებულ ხარვეზებზე 2013 წლის თებერვალში ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ჰუმანიტარული მოსაზრებებით ქართულ საპატიმროებში მყოფ ცხინვალელ პატიმრებს, მათ შორის მარეკ დუდაევს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გაუცვლის ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ ტყვეებში.

 

”ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მარეკ დუდაევი უკვე ცხინვალში იმყოფება, იგი თავის სოფელში   შვილის დაბადების დღეს დაესწრება, რომელიც დაპატიმრების შემდეგ არ უნახავს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დუდაევისთვის პატიმრობიდან გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი