ახალი ამბები

საკანონმდებლო ცვლილება ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდისთვის

25 იანვარი, 2012 • • 1375
საკანონმდებლო ცვლილება ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდისთვის


რამდენად გაიზრდება ქალთა მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? – ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 25 იანვარს, “ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, რუსუდან კერვალიშვილის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ბოლო დროს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ამ კუთხით შეტანილი ცვლილება.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ახალი მუხლის (30 მუხლის 71 პუნქტი) თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10 პროცენტის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – ყველა პარტიულ სიაში) ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20 პროცენტით.”

“ნეტგაზეთთან” კომენტარში  “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლუის ნავარომ დადებითად შეაფასა ეს ცვლილება:

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილების მიხედვით, ერთი მხრივ, იზრდება განსხვავებული სქესის წარმომადგენლების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეორე მხრივ, დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება პარტიებისთვის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ ნაწილს მე დადებითად შევაფასებ და ვთვლი, რომ პოზიტიური ნაბიჯია ეს კანონმდებლობაში”.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, ამ ცვლილებით საქართველომ 185–ე ადგილიდან  პირველ ხუთეულში გადაინაცვლა.

“იმიტომ, რომ საქართველომ მიიღო ორგანულ კანონში ცვლილება, რითიც მიეცათ არა კვოტები, არამედ პირდაპირი დაფინანსება პარტიებს, რომლებიც პარტიული სიების ყოველ ათეულში წარმოადგენენ 20 პროცენტს განსხვავებულ სქესს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” კერვალიშვილმა.

ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას დადებითად აფასებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

Image 6034
Image 6034

მასალების გადაბეჭდვის წესი