ახალი ამბები

გივი თარგამაძის განცხადებით, კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

20 ივნისი, 2016 • 1205
გივი თარგამაძის განცხადებით, კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში გამოსაკითხად დაიბარეს.  დაბარების მიზეზი, როგორც თავად გივი თარგამაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, არის გივი თარგამაძის გამოკითხვა დავით გერლიანის საქმესთან დაკავშირებით.

“დავით გერლიანის მიერ კანონიერი ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, გამოკითხვის მიზნით გთხოვთ გამოცხადდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში,” – წერია დოკუმენტში, რომელიც თარგამაძემ საჯარო გახადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გიგი თარგამაძემ 19 ივნისს გამართა პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ 18 ივნისს ოდესიდან საქართველოში  იქნა დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, რომელიც, აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ.

“[გერლიანი] 2014 წელს იქნა აღიარებული კანონიერ ქურდად თრქეთში, ამის შემდეგ იყო დაკავებული რამდენიმეჯერმე რუსეთში. საერთო ჯამში, ამ ადამიანს სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში მოხდილი აქვს 20 წელზე მეტი. ის იმყოფება უკრაინაში ყალბი პასპორტით, როემლიც დედამისის გვარზე, დავით ჩაჩიბაიაზე იყო. უკრაინაში დაკავებისასაც აღიარა კანონიერი ქურდობა. ის იქნა დეპორტირებული თბილისში.

მე წინასწარვე, დეპორტის განხორციელებისთანავე წარმოვადგინე დეპორტის კადრები, თუ როგორ ხდება მისი ჩასმა თვითმფრინავში, ასევე დრო მივუთითე, როდესაც ის იქნებოდა თბილისში. მე ველოდებოდი შსს-სგან  შესაბამის მოქმედებებს, რაც მის აუცილებელ დაკავებაში უნდა გამოხატულლიყო. ჩემი ინფორმაციით, მან დატოვა თვითმფრინავი და დატოვა აეროპორტი საერთოდ ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ის დღეს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება,”- განაცხადა გივი თარგამაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი