“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის ჰუმანური ნარკოპოლიტიკით შეცვლას მოითხოვენ.
დღეს, 17 ივნისს, 8 საათზე აქციის მონაწილეებმა შეკრება რუსთაველის მეტროსთან დაიწყეს, საიდანაც პარლამენტისკენ მოაწყვეს მსვლელობა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის უპირობო დეკრიმინალიზაციას, პირადი მოხმარების მიზნით ნივთიერებათა ოდენობების ადეკვატურად განსაზღვრას, ადამიანის ღირსების შემლახავი ურინოტესტირების პრაქტიკის შეწყვეტას, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის არსებული ჯარიმების გაუქმებას, წამალდამოკიდებული პირებისთვის მკურნალობა-რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების სერვისების დანერგვასა და საჭირო ფინანსების გამოყოფას.
აქციის 17 ივნისს გამართვა ქუთაისში ლევან აბზიანიძის გარდაცვალებით არის ნაკარნახევი. 2015 წლის 17 ივნისს ქუთაისში 56 წლის ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი შარდმდენი აბები გახდა, რომელიც მას ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დაალევინეს პოლიციის გამყოფილებაში. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტიზის პირველადი მონაცემების თანახმად, ორგანიზმში შარდმდენი აბების კვალის არსებობა დასტურდება, თუმცა 1 წლისთავზე კვლავ არ არსებობს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დადგინდებოდა, თუ რამ გამოიწვია ლევან აბზიანიძის სიკვდილი.