ახალი ამბები

რატომ იჩხუბა იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის რესტორანში [Audio]

23 იანვარი, 2012 • 1680
რატომ იჩხუბა იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის რესტორანში [Audio]

ერთ–ერთ რესტორანში ქეიფის დროს იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასა და მის თანმხლებ პირებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის გინების გამო  საჩხერლებთან შეხლა–შემოხლა მოუხდათ. ინფორმაცია ამის თაობაზე დღეს იმერეთის რეგიონულმა გაზეთმა “P.S.”-მა გაავრცელა.

გაზეთის ცნობით, 13 იანვრის ღამეს, საჩხერეში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, სადაც ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გამო საჩხერელი ახალგაზრდები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცავებმა ცემეს, იმერეთის გუბერნატორმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორან “მევენახის სახლში” გადაინაცვლეს.

“რესტორნის ორივე სართულზე სუფრა იყო გაშლილი და ჩინოვნიკები ლხინს მიეცნენ. ქეიფის პროცესში მთვრალმა ახალგაზრდა ქუთაისელმა მოხელემ ხმამაღლა შეიგინა: „ბიძინას დედა მოვტ…“ იქვე, სუფრასთან მჯდომი, საჩხერელი კაცი თანამემამულეს გამოესარჩლა: „ბიძია, ნუ აგინებ ბიძინა ივანიშვილს, მაგ კაცმა საჩხერისთვის ბევრი სიკეთე გააკეთა.“ ნაციონალმა დაუღრიალა: „ვის ეტლიკინები, შენი დედაც მოვტ…“ და მუშტი დაუშინა. ნაცემი საჩხერელი ადგილობრივებმა დაიცვეს და რესტორანში ინციდენტი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. წყაროს თქმით, იმერეთის გუბერნატორი ხმამაღლა გაჰყვიროდა, მომაშორეთ ბიძინას ხალხი რესტორნიდანო, თავადაც ხელები დაიკაპიწა და ჩხუბში გაერია. ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. როგორც იქნა, ჩინოვნიკებმა ჩხუბი დაამთავრეს და გართობაზე გადავიდნენ”, – წერს გაზეთი “P.S.”

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “ნეტგაზეთი” რესტორნის მფლობელსა და დირექტორს დაუკავშირდა ტელეფონით.


Gubernatoris chxubze restoranshi by netgazeti/batumelebi

“მევენახის სახლის” მფლობელი ამირან კაპანაძე ამბობს, რომ იმ დროს ის რესტორანში არ იმყოფებოდა, თუმცა არ მალავს, რომ 13 იანვრის ღამეს რესტორანში ინციდენტი მართლაც მოხდა.

“კი, რაღაცეები მოხდა, მაგრამ მე საავადმყოფოში ვწევარ და იქ ათასში ერთჯერ ჩავდივარ ხოლმე”, – გვითხრა კაპანაძემ.

რესტორნის დირექტორი ჯონდო მაისურაძე კი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ტელეფონით საუბარი ამ საკითხზე არ შეუძლია:

“ტელეფონზე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას. არა მაქვს უფლება, მე მაგ საკითხზე ვისაუბრო”.

გაზეთ “P.S.”–ის ცნობით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე “მევენახის სახლში” მომხდარ ინციდენტს არ ადასტურებს. მანვე უარყო “ნეტგაზეთთან” ინფორმაცია 13 იანვარს, კონცერტის დროს, საჩხერეში ახალგაზრდების ცემის თაობაზე. საჩხერეში ნაცემი ადამიანების ინტერვიუები გუშინ სტუდია GNS–ის გადაცემა “კვირის რეპორტაჟში” გადაიცა, სადაც დაზარალებულები ყვებიან, თუ როგორ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად სამართალდამცავები ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გამო და როგორ ითხოვდნენ მათგან ივანიშვილის გინებას.

ბიძინა ივანიშვილი წარმოშობით საჩხერიდანაა და ბოლო წლებში, მის პოლიტიკაში გამოჩენამდე,  საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში ცხოვრობდა. ივანიშვილის დაფინანსებით, საჩხერის მოსახლეობა წლების მანძილზე სარგებლობს უფასო სამედიცინო მომსახურებით, შეღავათებითა და სხვადასხვა ტიპის შემწეობებით.

ამავე თემაზე:

რა მოხდა საჩხერეში – კვირის რეპორტაჟი

საჩხერეში ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალა გავრცელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი