ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანიასთან Pillsbury Winthrop ხელშეკრულება გააგრძელა

16 ივნისი, 2016 • 1152
საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანიასთან Pillsbury Winthrop ხელშეკრულება გააგრძელა

საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანიასთან Pillsbury Winthrop Shaw Pittman ხელშეკრულება გააგრძელა, რომლის მიხედვითაც ლობისტური კომპანია საქართველოს აშშ-ის oფიციალურ პირებთან ურთიერთობების გაღრმავებაში დაეხმარება.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც კომპანიამ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს წარუდგინა, Pillsbury Winthrop Shaw Pittman ვალდებულია, საქართველოს მთავრობას დაეხმაროს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით მუშაობაში.

ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას უნდა დაეხმაროს მედიასა და საზოგადეობრივი აზრის შემქმნელებთან ურთიერთობაში; მოაწყოს შესაბამისი ღონისძიებები და შეხვედრები; აშშ-ის ლიდერებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

უფრო კონკრეტულად, კომპანიამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მთავრობის ურთიერთობების გაუმჯობესებას თეთრი სახლის ოფიციალურ პირებთან, კონგრესის წევრებთან, პრეზიდენტობის კანდიდატებთან და მათ მრჩევლებთან.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ აშშ-ში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა, კონგრესის წევრებმა და პრეზიდენტობის კანდიდატებმა საქართველოს მიმართ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერა დააფიქსირონ.

კომპანიას ასევე ევალება საქართველოს პრემიერი-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში ვიზიტების მხარდაჭერა, ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი და და მათ შესახებ საქართველოს მუდმივი ინფორმირება.

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ლობისტური კომპანიისგან სტრატეგიული რჩევები საგარეო პოლიტიკის, საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავების, აშშ-თან თავდაცვის კუთხით ურთიერთობების გაძლიერების, დიპლომატიური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ს შორის 2016 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. ამ მომსახურებისთვის თანხები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. კონტრაქტის მიხედვით საქართველოს მთავრობა ლობისტურ კომპანიას თვეში 30 ათას აშშ დოლარს გადაუხდის.

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია პირველად civil.ge-მ გაავრცელა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, საქართველომ ამავე კომპანიასთან ხელშეკრულება გასულ წელსაც გააფორმა, რომლის მოქმედების ვადა 2015 წლის 1 პარილიდან 2016 წლის 31 მარტამდე იყო.

წინა ხელშეკრულების მიხედვით, ლბისტურ კომპანია თეთრი სახლის ოფიციალურ პირებთან, კონგრესის წევრებთან, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენთან და სხვა მნიშვნელოვან პირებთან ურთიერთობის გაღრმავებაში უნდა დახმარებოდა.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას უნდა მიეწოდებინა ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია და დახმარებოდა საქართველოს მთავარი ღონისძიებების ჩატარებაში, მათ შორის აბრეშუმის გზის ფორუმისა და გაეროს გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი