ახალი ამბებიეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი გახსნა

15 ივნისი, 2016 •
გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი გახსნა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი «ვაჭრობა და ბიზნესი საქართველოსთან ერთად» გახსნა.

ფორუმის მონაწილე 130-მდე ქართული და გერმანული ბიზნესორგანიზაციის წარმომადგენლებს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის, პოტენციალი გააცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მისი განცხადებით, ივნისის ბოლოს ხელი მოეწერება თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

“საქართველო დგას ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან გაღრმავების გზაზე. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და უახლოეს მომავალში ველით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს ზრდის. მოგვიანებით, ამ თვეში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს,” – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმის მთავარი თემებია საქართველოს მიმზიდველი, სტაბილური ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ რეიტინგებზე და განაცხადა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს- თავისუფალ და ღია ეკონომიკას.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ისაუბრა საქართველოს ისტორიულ სტრატეგიულ როლზე რეგიონში. მისი თქმით, საქართველო, რომელიც წელს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავს, ტოტალიტარული რეჟიმით დაზიანებული ქვეყნიდან თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიკურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

“საქართველოს ისტორიულად ჰქონდა სტრატეგიული როლი რეგიონში და დღესაც ჩვენი, როგორც რეგიონალური ცენტრის როლი, ინვესტორებს საქართველოში იზიდავს. საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორული დამოკიდებულება მეზობლებთან, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით შესანიშნავ ადგილზე ვართ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებითა და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობს 100-ზე მეტი გერმანული და 30-ზე მეტი ქართული კომპანია სატრანზიტო გადაზიდვების, ლოჯისტიკის, მშენებლობის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, იურიდიული, ფინანსური და საბანკო მომსახურების სექტორებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი