ახალი ამბები

“სანამ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე არ ავა, ჩვენ გვექნება პრობლემები”

15 ივნისი, 2016 • 2049
“სანამ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე არ ავა, ჩვენ გვექნება პრობლემები”

რატომაა საჭირო გარღვევა გერმანიასთან ორმხრივ ურთიერთობებში და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან პროდასავლური პარტიები, თუ საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ვერ მიიღებს? – “ნეტგაზეთის” შეკითხვებს პოლიტოლოგმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კორნელი კაკაჩიამ უპასუხა:

ის განცხადებები, რომლებიც წინასწარ კეთდება სხვადასხვა გავლენიანი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, მოწმობს იმაზე, რომ საქართველო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს მაპს ან რაიმე კონკრეტულ დაპირებას ნატოში
ქვეყნის სწრაფად გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ კითხვის ქვეშ დადგება უშუალოდ 8 ოქტომბრის არჩევნებამდე სავიზო ლიბერალიზაციის საკითხიც, ეს რა პოზიციაში ჩააყენებს პროდასავლურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში?

პროდასავლური პარტიებისა და განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის ეს სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლება განსაკუთრებული შედეგებით ვერ დაიკვეხნის, თუ არჩევნების წინ არაერთგზის დაანონსებული ვიზალიბერალიზაცია ოფიციალურად არ გაფორმდება, ამან შეიძლება
საზოგადოების ნაწილს გული აუცრუოს და ეს ასახვას ჰპოვებს პროდასავლური პარტიების იმიჯზე.

ბუნებრივია, ესაა ცუდი სცენარი ხელისუფლებისთვის, თუმცა, ამავე დროს, ძალიან სასიხარულო ფაქტი იქნება პრორუსული პარტიებისთვის, რომლებიც ამას სათავისოდ გამოიყენებენ. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას
ახლა დაახლოებით იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც თავის დროზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ჰქონდა. მაშინაც სერიოზული პრობლემები არსებობდა ნატოსთან დაახლოების პერსპექტივის კუთხით და ხელისუფლებასა და პროდასავლურ სპექტრს მაშველი რგოლის სახით მოევლინა ასოცირების შეთანხმება. ამან შეაჩერა გულგაცრუების პროცესი საზოგადოების ნაწილში. თან ეს უკვე პრესტიჟის საკითხიცაა. ყველამ იცის, რომ საქართველომ შეასრულა მის მიერ აღებული ვალდებულებები და აქედან გამომდინარე, თუ არჩევნებამდე შედეგი არ დადგა, ეს სერიოზული დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის.

რითი აიხსნება ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, იტალია] გადაწყვეტილება ამ პროცესის დროში გაჭიანურებასთან დაკავშირებით?

ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა და საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ამ ქვეყნებში არსებობს იმავე ემიგრაციასთან ან ლტოლვილთა ნაკადების მოზღვავებასთან
დაკავშირებით.

ზოგადად ემიგრაციაზე საუბრობთ და არა უშუალოდ საქართველოდან მიგრანტების გადინებაზე?

დიახ. ამან გააჩინა გარკვეული შიშები. იმავე ტერორიზმთან დაკავშირებული აქტივობები გახშირდა… ამ საზოგადოებებში უსაფრთხოების დილემა გაჩნდა. საქართველოს პარალელურად სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი სხვა ქვეყნებისთვისაც განიხილება, მათ შორის თურქეთისა და უკრაინისთვის, რომლებიც დიდი ქვეყნები არიან და პოტენციურად მათგან წასულ არალეგალ შრომით მიგრანტებს ევროპისთვის პრობლემების დამატება შეუძლია. ეს შიდა კონიუნქტურა ევროპელი პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიებისთვი ძალიან რთულია.

მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ მიმართა ღია წერილით ევროკავშირის შესაბამის უწყებებს და მოითხოვეს პროცესის
სწრაფად დასრულება. ამ ხუთეულში არ არიან შვედეთი და პოლონეთი, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ინიციატორი ქვეყნები. ეს ხომ არ ბადებს გარკვეულ ეჭვს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით?

ის, რომ აქტიური მხარდამჭერების ჯგუფს გამოაკლდა პოლონეთი, ძალიან არასასურველია. ეს დადებითად არ მეტყველებს საქართველოს დიპლომატიაზე და იმ ძალისხმევაზე, რომელიც მთავრობამ გაწია. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ასეთ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. მაგალითად,
შვედეთში ახლა ხელისუფლებაში აღარ არის ის პარტია, რომელსაც საქართველოს წინა ხელისუფლებასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი პრობლემა არის არა აღმოსავლეთ ევროპა, არამედ სხვა რამ, რაც საქართველოს წინაშე დგას. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ევროპასთან ურთიერთობაში ჩვენი მთავარი პარტნიორები ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი არიან, რომლებიც ქართულ ინტერესებს
ლობირებენ და ყველანაირად ეხმარებიან მათ შორის ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით,
მაგრამ მხოლოდ ამ ქვეყნების თავგამოდება საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ რეალური გარდატეხა მოხდეს,
საჭიროა მძიმეწონიანი ქვეყნის მხრიდან საქართველოს პატრონაჟი. ასეთი სახელმწიფო შეიძლება იყოს ორი: გერმანია და საფრანგეთი. ეს უკანასკნელი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან საფრანგეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ნაკლები ინტერესი აქვს.

რჩება გერმანია, რომელიც შეიძლება გახდეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სპონსორი.
გერმანია საკმაოდ უხერხული პარტნიორია სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე. სანამ გერმანია-საქართველოს
ურთიერთობები ახალ სიმაღლემდე არ ავა, მანამდე ჩვენ ყოველთვის გვექნება ასეთი პრობლემები როგორც ნატოსთან, ისე ევროკავშირთან დაკავშირებით.

მე მგონია, რომ აუცილებელია გარღვევა ამ მიმართულებით ისე, როგორც თავის დროზე აშშ-თან მოხდა ბუშის ადმინისტრაციის დროს. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ამას ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აუცილებელია. მოლდოვას ევროინტეგრაციის კუთხით ეხმარება რუმინეთი, თვითონ რუმინეთი ევროკავშირში საფრანგეთმა შეიყვანა. ასეთი ერთი დამხმარე სახელმწიფო საჭიროა. ჩვენი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ ყველა კვერცხი ერთ კალათაში მოვათავსეთ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების იყო. იყო მოლოდინი, რომ აშშ გამოიყენებდა თავის გავლენას და ნატოში გაწევრიანდებოდა საქართველო, მაგრამ ვიცით, რაც მოხდა ბუქარესტში.

აშშ-თან ურთიერთობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ევროკავშირს უნდა შეუერთდეს. ახლა სწორედ ის დროა, რომ მოხდეს განსაკუთრებული ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროკავშირის სახელმწიფოებთან.

ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობისთვის გარკვეული ინტერესთა თანხვედრაც ხომ უნდა არსებობდეს, ისე,
როგორც, მაგალითად, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის არსებობს უსაფრთხოების საერთო გამოწვევა რუსეთის სახით. გერმანიის ლიდერები ამ საკითხებს ცოტა სხვაგვარად უყურებენ…

ეს არ არის ადვილი, თუმცა ექსპერტების დონეზე [გერმანელ ანალიტიკოსებთან] ჩემმა შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ მუშაობა შეიძლება. ცხადია, გერმანიაში არ არის პოპულარული ანტირუსული ხაზის გატარება. ის, რასაც გერმანული პოლიტიკური ელიტა გაურბის საქართველოსთან მიმართებაში, შეგვიძლია
გამოვხატოთ ფორმულით: დაგეხმარებით ყველანაირად, ოღონდ ამ ეტაპზე არ გვიხსენოთ ევროკავშირში გაწევრიანება და ნატო. ამ ორ საკითხში გერმანული პოლიტიკური ელიტა დარწმუნებული არ არის სხვადასხვა მიზეზის გამო.

საქართველო კონკურენციას ვერ გაუწევს რუსეთს, რომელსაც უზარმაზარი ბაზარი აქვს, მათ შორის გერმანული ბიზნესისთვის, მაგრამ არსებობს სქემები, რომლითაც გერმანიის ინტერესის გაზრდა შესაძლებელია… თუ საქართველო გერმანული ბიზნესისთვის გახდება ჰაბი ცენტრალური აზიის, ირანის,
იმავე აბრეშუმის გზის თვალსაზრისით, ამას მოჰყვება გერმანიის პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესი. ეს საკითხი სწრაფად ვერ მოგვარდება, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ ჩანს, ამიტომ დროის დაკარგვა არ ღირს და გარკვეული ნაბიჯები ალბათ უნდა გადაიდგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი