ორლანდოში გეიკლუბზე თავდამსხმელის ცოლს ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირის გამო შესაძლოა ბრალი წაუყენონ. როგორც თავდამსხმელის ცოლმა პოლიციას განუცხადა, მან სცადა ქმართან ამ თემაზე დალაპარაკება, რათა მისთვის კლუბზე თავდასხმა გადაეფიქრებინა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
“აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია მომხდარის შესახებ” – განაცხადა სენატორმა ანგუს კინგმა თავდასხმის შესახებ გამართულ ბრიფინგზე.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თქმით, რამდენად იყო ჩართული თავდამსხმელის მეუღლე ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ტერორისტულ თავდასხმაში, ამას გამოძიება დაადგენს.
ორლანდოში რამდენიმე დღის წინ გეიკლუბზე მომხდარ თავდასხმას 50 ადამიანის, მათ შორის თავდამსხმელის, სიცოცხლე შეეწირა, 53 კი დაიჭრა. 6 დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
შემთხვევა ამერიკის უახლეს ისტორიაში ყველაზე სისხლიან შეიარაღებულ თავდასხმად დასახელდა. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, თავდასხმას მიენიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.