სოციალური ქსელი ფეისბუკი თვითმკვლელობის პრევენციისათვის მომხმარებელს ახალ ფუნქციას სთავაზობს.
ფუნქციის დახმარებით, თუ თქვენი ფეისბუკის მეგობარი დაწერს ისეთ პოსტებს, რომლებიც დაგაფიქრებთ მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ან კეთილდღეობაზე, თქვენ შეგეძლებათ ანონიმურად მონიშნოთ პოსტი და გაუგზავნოთ ფეისბუკს. ფეისბუკის ჯგუფი გადახედავს პოსტს და საჭიროების შემთხვევაში შესთავაზებს დახმარება მის ავტორს.
პოსტის ავტორი მიიღებს გზავნილს, რამდენიმე არჩევანით: მათ შორის “გაესაუბრე მეგობარს”, “დაუკავშირდი ცხელ ხაზს” ან “იხილეთ რჩევები ფეისბუკისაგან”. ფუნქციის სატესტო ვერსია ინგლისურენოვანი მომხმარებლისათვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა დღეიდან ყველა ქვეყანაში, ყველა ენაზე ჩაეშვება.
კომპანიის განცხადებით, ახალი სერვისის მომზადებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრები და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.
ფეისბუკში მიიჩნევენ, რომ ამ გზით შეძლებენ დაეხმარონ ადამიანებს, რომლებიც მწვავე დეპრესიას ებრძვიან და თავად დახმარების თხოვნას ვერ ბედავენ. ასევე, გაზრდის ცნობიერებას სუიციდის შესახებ.