ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში ანგელა მერკელთან შეხვედრას გამართავს

14 ივნისი, 2016 • 1520
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში ანგელა მერკელთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი 15–16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს კანცლერ ანგელა მერკელთან.

პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მერკელთან შეხვედრისას მხარეები განიხილავენ საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და  გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

“ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი  შეხვდება  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ– ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრ იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნორბერტ რიოტგენს.

„ფრიდრიხ ებერტის“  ფონდში საჯარო გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ისაუბრებს საგარეო პოლიტიკაზე- ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე ,,საქართველოს ევროპული გზა”. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და  გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება,”- აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.

გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი